Posted by: gela_jvania | May 13, 2010

naxevarghmerthi

მარიკა კახაძე

კორუფცია საპატრიარქოში

«ხალხისათვის პატრიარქი ღმერთის დონეზეა, რამე რომ თქვა, გადაგთელავენ»

საპატრიარქოს ასეთი დოზით ჩართვა პოლიტიკაში ნამდვილად არ უნდა აწყობდეს დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების პრეტენზიის მქონე ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოლოდროინდელი მოვლენების დროს პოლიტიკური სიტუაცია განმუხტა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე და მორწმუნე ადამიანიც, არ უნდა ემხრობოდეს საქართველოს კლერიკალიზმში ან საერთოდ თეოკრატიულ იდეოლოგიაში ჩაძირვას. თუმცა, ამასაც რომ თავი დავანებოთ, რწმენისა და ფეტიშის ერთმანეთისგან გამიჯვნის კულტურის არარსებობაა, როცა საპატრიარქოში არსებულ კორუფციაზე საუბრობს, მის სამზარეულოში ოდესღაც ჩახედული პირი და ხმის ამოღების უფლება ერთმევა რიგით მოქალაქეს. მას ხომ ქვეყნის უზენაესი კანონი, კონსტიტუცია იცავს?! ჩვენთან საუბარში მამა როსტომი ამბობს: «ჭკვიანი კაცი ჯერ სამშობლოს ააშენებს და მერე ტაძარს». ჩვენი გაზეთი გთავაზობთ ჟურნალისტურ გამოძიებას საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და დასკვნა, თავად მკითხველმა გააკეთოს, მით უმეტეს, რომ ყველა დოკუმენტი, რომელზეც საუბარი იქნება სტატიაში, ჩვენ გვაქვს…

საბჭოეთის დაშლის შემდეგ ეკლესია კომუნისტების ზეწოლისგან განთავისუფლდა, აღორძინდა ძველი და აშენდა ბევრი ახალი ეკლესია, მომრავლდა მრევლი, საპატრიარქომ თავის თავზე იტვირთა ერის სულიერი აღორძინება. ქართული ეკლესია ქვეყნის აღორძინების მესაჭე გახდა როგორც ზნეობრივი, ასევე პოლიტიკური კუთხით და აღმოჩნდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი საპატრიარქოში წყდება…

ყველაზე დიდი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ბრწყინვალე სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დროს აშენდა, ქვეყნის სიმბოლოდ იქცა და ერისა და ბერის სულიერების სახედ ითვლება დღეს..

პარადოქსია, მაგრამ სამების დიდი ტაძარი კი ავაშენეთ, მაგრამ სულიერად ვერ ავმაღლდით, ზნეობრივად წინ ვერ წავიწიეთ – ხალხი უკიდურესად გაჭირვებული და სასოწარკვეთილია, მომავლის იმედი აღარა აქვს და მხოლოდ უფალს არის მინდობილი.Y

ყოველივე ამის ფონზე, საკმაოდ ცინიკურად ჩანს სანთლით ხელში პირჯვრის გადამწერი ცნობილი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, რომლებიც ყველა საეკლესიო დღესასწაულზე სამების ტაძარში იკრიბებიან და საპატიო ადგილებს იკავებენ კამერის წინ, რათა მათი «შთაგონებული» სახეები კიდევ ერთხელ ვიხილოთ ეკრანზე. ცინიზმი და, ალბათ, კიდევ უფრო მეტია ისიც, რომ ამ მაძღარ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს ტაძრის კარიბჭესთან ძვირადღირებული ჯიპები და დაცვის კოჰორტა ელოდება, იქვე კი მშიერ და სნეულ მათხოვრებს ხელი აქვთ გაწვდილი… თუმცა ძვირადღირებული ავტოების დაბინდული შუშებიდან არც მათხოვრები ჩანს, არც მათი პრობლემები და არც დანარჩენი საქართველოს სასოწარკვეთილი და იმედგადაწურული მოსახლეობა, რომელთა ყოფნა არ ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ხალხმა უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკოსებზე ხელი ჩაიქნია და უკანასკნელი იმედით დედაეკლესიას შეჰყურებს, უფლისა და პატრიარქის იმედი აქვს. რომ არა საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი რადიკალური ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება შეუქცევად პროცესად გადაიქცეოდა და საქართველოში ახალი სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.

პატრიარქმა პოლიტიკური ვნებათაღელვა შეაჩერა, მაგრამ თუ ღრმად ჩავიხედავთ მოვლენებში, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი პოლიტიკოსების სულიერი მამები (ყველა მათგანს ჰყავს მოძღვარი), რბილად რომ ვთქვათ, არც ისეთი წმინდანები არიან, როგორც თავს გვაჩვენებენ. ფაქტია, რომ ისევე, როგორც ერში, ბერშიც მკვეთრად გამოხატული პრივილეგირებული სოციალური იერარქიაა. ისევე როგორც ერში, ბერშიც არის მაძღარი მღვდელმთავარი და მშიერი მღვდელი, მღვდელი, რომელიც კაპიკებზე არსებობს და ეპისკოპოსები, რომლებიც დაბინდულშუშებიანი ჯიპებით დადიან.

სასულიერო პირების განკითხვას არ ვაპირებთ, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვალდებული ვართ ღიად ვილაპარაკოთ, არა მარტო საერო ცხოვრებაზე, არამედ იმ «ციტადელზეც», რასაც ქართული ეკლესია ჰქვია – რა სიმდიდრეს ფლობს საპატრიარქო და რა გზებითა და მიზნებით განკარგავს ამ სიმდიდრეს. თემის ირგვლივ ისაუბრებენ როგორც სასულიერო, სამების ეკლესიის მღვდელი როსტომ ლორთქიფანიძე, ასევე საერო პირი ბასილი კობახიძე, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი ირაკლი ქადაგიშვილი, ჟურნალისტი დათო პაიჭაძე და კომენტარს აკეთებს წმ. თამარის სახელობის ეკლესიის მღვდელი ზაქარია მაჩიტაძე.

«საქართველო XXI»: ზვიად გამსახურდიას დროს საპატრიარქოს მფლობელობაში გადავიდა მიწები სამეურნეო საქმიანობისათვის, რათა ქართული ეკლესია მოძლიერებულიყო. რა შემატა ამ მეურნეობებმა ეკლესიას?

მამა როსტომი: გამსახურდიამ საპატრიარქოს 10 მეურნეობა გადასცა, ჯერ კიდევ გაუძარცვავი და ყველა საჭირო ინვენტარით. შევარდნაძის დროს კი კრწანისის მეურნეობა და ხაშმის ღვინის ქარხანა დაემატა. ხაშმის საფერავი საუკეთესოა და იგი ლიტურგიისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, მაგრამ არც მეურნეობები ფუნქციონირებდა და არც ხაშმის საფერავს ვიყენებდით ლიტურგიის დროს. ასე იყო მაშინაც და ასეა დღესაც.

მეურნეობებს ეკლესიის ეკონომიური და სულიერი გაძლიერებისათვის უნდა შეეწყო ხელი და მღვდლების სოციალური და ყოფითი პირობების დაკმაყოფილებასაც უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. მღვდელი აბსოლუტურად მინდობილია ბედისწერას. მღვდელს, თუ მრევლმა არ მისცა საარსებო წყარო – მოკვდება, მრევლის შემოწირულობაზეა დამოკიდებული. მღვდელიც ადამიანია, ცხოვრების მინიმალური მოთხოვნილებები მაინც ხომ უნდა დაიკმაყოფილოს, ამიტომაც ბევრი ტურად ან წურბელად გადაიქცა, რაც ერში ხდება, იგივეა ეკლესიაშიც, ვერ მოთხოვთ მავანსა და მავანს მაღალი იდეალების მატარებელი იყოს.

ეს თუ ეკლესიის მსახურებს, მღვდლებს და მღვდელმთავრებს ეხება, მაშინ რა ქნას ერმა, ეს ხომ კატასტროფაა. ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს დიდი ხელშეწყობა აქვს, თავის მხრივ, საპატრიარქო ეკლესიების აღმშენებლობასა და ერის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნავს, რაშია პრობლემა?

– საპატრიარქო არის და უნდა იყოს ცენტრალური ინსტიტუტი, რომელიც მართავს საეკლესიო ცხოვრების წესს. ხელისუფლებამ გადასცა მიწები და ბევრი სხვა სიკეთეც გაუკეთა იმიტომ, რომ მღვდელს მრევლთან არ ჰქონოდა ფინანსური ურთიერთობა. უფალი ბრძანებს: უვერცხლოდ მოგეცათ და უვერცხლოდ გაეცით.

მხოლოდ Dდიდი ტაძარი არ არის ეკლესიის განახლების კრიტერიუმი და არც ჭეშმარიტების საზომი, რადგან დიდ ტაძარშიც შეიძლება სისულელის თქმა. არ შეიძლება ყველაფერი უფალს მივანდოთ. გაიძახიან: ჩვენთან არს ღმერთი! მე, როგორც ცინიკოსი და თომა მოციქულის მოდგმის კაცი, გეკითხებით: რითი შეატყვეთ ქართველებო, რომ ღმერთია თქვენთან, სამშობლო გაქვს? – არა, სინდის-ნამუსი გჭირდება? – არა, ფუნქცია გაქვს? – არა, იმედი გაქვს? – არა, ფრთები გაქვს? – არა. სამღვდელოებაში ძალიან გავრცელებულია ასეთი ახსნა: თურმე, იმიტომ გვაქვს ამდენი განსაცდელი და სასჯელი, რომ უფალს ვუყვარვართ, ვინც უყვარს იმას სჯის, შესანიშნავი ლოგიკაა, არა? მარტო «უფალო შემიწყალეს» ძახილით ქვეყანა არ გადარჩება, უფალმა უკვე მოგვცა სამშობლო და მის გადასარჩენად ქრისტიანული თავგანწირვაა საჭირო. ჭკვიანი კაცი ჯერ სამშობლოს ააშენებს და მერე ტაძარს. ჭკუათმყოფელმა კაცმა უნდა იცოდეს, ნიადაგი, რაზეც ტაძარი დგება, მყარი უნდა იყოს და თუ არ იცის, სახარება ნახოს.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად ვხედავთ საეკლესიო დღესასწაულებზე, მათ მოძღვრებიც ჰყავთ, რომლებიც, ალბათ, სიკეთისაკენ მოუწოდებენ და არა ერთმანეთთან დაპირისპირებისაკენ.…

-ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების დროს საპატრიარქო აცხადებს, რომ ეკლესია პოლიტიკური ორგანო არ არის და პოლიტიკაში ვერ ჩაერთვება, ამას ჰქვია «ქვეშიდან გამოსვლა». ოპოზიცია, საერთოდ, არ იქნებოდა სახსენებელი ეკლესიას ერის ტვირთი რომ აეღო – ვარძია გასაკეთებელია, ასპინძა დასასახლებელი, სამშვილდეში ქართველი კაცი აღარ ცხოვრობს – სომხები, ბერძნები და სხვანი ცხოვრობენ იქ. სამშვილდე – საქართველოს პირველი ქალაქი, დგას ეს ოაზისი დღეს და კაციშვილი არ არის მიმხედავი. ათი წლის წინათ შევთავაზე საპატრიარქოს წავალ და დავდგები-მეთქი იქ, მაგრამ ეს იდეა მოკვდა.

სოფლებსა და რაიონებში მღვდლები არ არიან, სიყრუეა იქ ან თუ არიან, არ გაინტერესებთ რა დონეა? დაიარეთ და ჰკითხეთ: რა არის ქრისტიანობის არსი? წინასწარ გეტყვით, როგორი იქნება პასუხი: ღმერთი დიდია, ადამიანი პატარა, ღმერთი წმინდაა, ადამიანი ცოდვილი და უძლურია, არარაობაა. მონურ ფსიქოლოგიას აღვივებენ და თესავენ, რადგან გაუნათლებლობამ წალეკა ქვეყანა. პატრიარქიც კი კერპად ვაქციეთ, ალბათ, როგორ აწუხებს მას ეს, იმიტომ რომ იგი ბრძენი კაცი გახლავთ, დიდსულოვანი და ასეთი რამის დაშვება არ სურს.

«საქართველო XXI»: თქვენ არაერთხელ ამხილეთ საპატრიარქო კორუფციაში. კონკრეტულად, რა ფაქტებზეა საუბარი და გაქვთ თუ არა ამ ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები?

ბასილი კობახიძე: პირველ რიგში, ძალიან მიკვირს, რომ ამ თემაზე საუბრის უფლება მომეცა, რადგან, ბოლო დროს, არც ერთ გამოცემაში არ მქონდა ამის საშუალება, ყველგან ტაბუ დაადეს. რაც შეეხება ფაქტებს, ყველა ფაქტზე დოკუმენტი მაქვს: პირველი – სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს უზურფრუქტით გადაეცა ქონება სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, რომელიც მილიონობითაა შეფასებული. ქონების გადაცემა გამსახურდიას დროს დაიწყო, მაგრამ მან ბევრი ვერაფერი მოასწრო. საპატრიარქოსათვის ქონების გადაცემამ ინტენსიური ხასიათი შევარდნაძის დროს შეიძინა.

მეორე – ფაქტდოკუმენტია საპატრიარქოს გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც საპატრიარქომ და მისმა ფილიალებმა ბოროტად გამოიყენეს და დაიწყეს საქართველოდან სპილენძის, ვაგონის ნაწილებისა და ძვირფასი ლითონების გატანა. შემოიტანეს სიგარეტი, ლუდი, ლიმონათი და ფქვილი. ყველა ეს ფინანსური ოპერაცია გათავისუფლებული იყო გადასახადისაგან, არც საბაჟოზე იხდიდნენ, არც საშემოსავლოს და არც დღგს. ეს არაერთხელ დააფიქსირა პროკურატურამ და 2005 წელს სასამართლოც იყო, ეპისკოპოსი და მღვდელი გაასამართლეს ჰუმანიტარული ფქვილით სპეკულირებისათვის, თუმცა, როგორც ყოველთვის, მეისრეები დააპატიმრეს და ეპისკოპოსები და მღვდლები სუფთად გამოვიდნენ.

მესამე – რუსეთის მხრიდან, კრემლის ბიზნესმენების მიერ ფინანსდებოდა საპატრიარქო – ბადრი პარაკაციშვილი აფინანსებდა, ამჟამად ივანიშვილი, ჯინჭარაძე, შალვა პრიუსი აფინანსებს. გუშინ უსუფაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა – ვალერი გელაშვილი აფინანსებს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ვითომდა პატრიაქის თხოვნით. საპატრიარქო ფინანსდება ბადრი კაკაბაძის მიერ, რომელიც პეტერბურგის სათვისტომოს თავმჯდომარეა. შალვა პრიუსი აფინანსებდა – პატრიარქის ძმისშვილს – დიმიტრი შიოლაშვილს. ლევან ვასაძე, კრემლის ბიზნესმენი, აფინანსებს არა მარტო მონასტრებსა და ეკლესიებს, არამედ უშუალოდ საპატრიარქოს.

მაქვს ყველა დოკუმენტი, რომელიც საპატრიარქოს ბიზნესსაქმიანობას ეხება. კორუფცია რომ არა, საპატრიარქოს ასე გამდიდრება ხანმოკლე პერიოდში, ნორმალური კანონმდებლობის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა, ამას ემატება ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარის გადაცემა საპატრიარქოსათვის, აგრეთვე გადაეცათ ელიტური ტერიტორია ვაკეში. ქართულ იურისპრუდენციაში შემოვიდა ტერმინი – ხატის ტყე ანუ საეკლესიოს ტყე. საპატრიარქოს გადაეცა ტყეები – ალავერდის, ჰერეთისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიებს.

როდესაც ასეთი ანტიკანონიერი პროცესი მიდის, ბუნებრივია, საზოგადოებამ ამის შესახებ ხმა უნდა ამოიღოს, რადგან ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მიდის. კრემლთან კეკლუცობა და გადასახადებისაგან გათავისუფლების ბოროტად გამოყენება, კანონდარღვევაა. საპატრიარქოს ფილიალები ეპარქიებში აარსებენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მაგალითად, წმინდა გიორგის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ეპისკოპოსი კურირებს. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ფირმასთან გარიგებაში შედის ბიზნესსაქმიანობის წარმოებისათვის და შემოაქვთ სიგარეტი. საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდებში ანაფორებში გახვეული ავანტიურისტები საქმიანობენ. მათ შორის, რამდენჯერმე ნასამართლევი ეპისკოპოსებიც არიან. ლოზუნგები, რომ საპატრიარქოს კრიტიკა არ შეიძლება, ბევრს დანაშაულებრივი თარეშის თავისუფლებას აძლევს.

კომუნისტების დროს კგბს მეხუთე განყოფილება აკომპლექტებდა საეკლესიო იერარქიის უმაღლეს პირებს. დღესაც ისინი არიან აქტიური სასულიერო პირები და მთავარი კონტაქტ-პერსონები მოსკოვის საპატრიარქოსთან, Mმაგალითად, დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი, რომლის აგენტურული მეტსახელი დანიელია, მოსკოვში სხვადასხვა მისიით დადის ხოლმე.P

ხელისუფლებამ ილია II-ისაგან ფეტიში შექმნა და მერე თვითონვე გახდნენ მასზე დამოკიდებული. დღეს ხალხისათვის პატრიარქი ღმერთის დონეზეა, რამე რომ თქვა მასზე, გადაგთელავენ. შუა საუკუნეებშიც კი არ იყო ასეთი ფანატიზმი.

«საქართველო XXI»: ბატონო ირაკლი, საქმეში ჩახედული საეკლესიო და საერო პირები, აცხადებენ რომ საპატრიარქოს დიდძალი ქონება აქვს, ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით აწარმოებს, საქველმოქმედო ფონდები ბიზნესმენებთან გარიგებაში შედიან და სხვ.

ირაკლი ქადაგიშვილი: საპატრიარქოში რა ხდება, ამაზე არაფერი ვიცი. რაც შეეხება საქველმოქმედო ფონდს, რომლის მენეჯერიც ვარ, გამომდინარე მისი წესდებიდან, არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ აწარმოებს. ჩვენ გავცემთ გრანტებს კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო მუშაობისათვის, ამიტომაც დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებული ვართ, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს. სხვა მხრივ, ჩვენ საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე ვართ და საშემოსავლო გადასახადს ჩვეულებრივ ვიხდით. მოგებაზე ორიენტირებული არა ვართ და ამიტომ დღგს არ ვიხდით.

შესაწირს ვინ გაძლევთ?

– შესაწირის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს როგორც საქართველოს, ასევე სხვა – ქვეყნის. სპონსორები ძირითადად ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

სახელმწიფო თუ გიხდით ფულს?

– სახელმწიფოს უფლება არა აქვს საბიუჯეტო თანხები შემოწიროს ანუ კანონმდებლობით არა აქვს უფლება ამდაგვარად განკარგოს თანხა. ადგილობრივი თვითმმართველობის ფონდი კი საპატრიარქოს მხრიდან ინიცირებულ პროექტებში მონაწილეობს სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ფინანსურადაც. ამის უფლება კანონმდებლობით აქვს, მაგალითად, ხალხური ფესტივალის ორგანიზებაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ მონაწილეობა მიიღო როგორც ორგანიზაციული, ასევე – ფინანსური კუთხით.

ქართველ ბიზნესმენებს თუ აქვთ ქველმოქმედებისაკენ მიდრეკილება?

– საქართველოში ქართული ბიზნესი არ არის ისეთი დიდი მასშტაბის, როგორც რუსეთში ან მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია. ამიტომ ჩვენი ბიზნესმენები აკეთებენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებიც ეწევიან ქველმოქმედებას საქართველოში და ეს ყველასათვის ცნობილია.

«საქართველო XXI»: ბატონო დავით, რამდენად მართებულია საპატრიარქოს ასეთი აქტიურობა პოლიტიკაში და რა კომენტარს გააკეთებთ იმის თაობაზე, რომ ბევრი სასულიერო პირი კრიმინალურ საქმიანობაშია მხილებული. მედიამ ამის თაობაზე ვრცელი პუბლიკაციები გამოაქვეყნა, პატრიარქს აშანტაჟებენ, 80 მღვდელია დაპატიმრებული და საჯაროდ ვიტყვით, რაში არიან მხილებულებიო

დათო პაიჭაძე: ვფიქრობ, პატრიარქმა 26 მაისის გამოსვლაში მკაფიო მიჯნა მონიშნა, არა მხოლოდ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, არამედ პიროვნულ და უწყებრივ პოზიციებს შორისაც. ძალიან მენიშნა, როცა ილია მეორემ პრეზიდენტების გადაყენებაზე ლაპარაკის დროს თქვა, მე ამას ვამბობ, როგორც ჩემ აზრსო. მანამდე ისიც უთხრა მრევლს, რომ კატეგორიულობა საშინელი თვისებაა, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და ეს არ ნიშნავს, რომ ის აზრია ერთადერთი და ჭეშმარიტი. ჩემი აზრით, ეს იყო ნამდვილი ქრისტიანული თავმდაბლობის ნიმუში, თავმდაბლობისა, რომელიც დიდ ძალასაც შეიცავს: სწორედ ამ ძალამ შეცვალა ოპოზიციის სამოქმედო კალაპოტი 26 მაისის საღამოს. სულ არ მხიბლავს ეკლესიის ასეთი ჩართულობა პოლიტიკაში, მაგრამ, რომ ვუკვირდები, ბოლო დროს პოლიტიკოსები უფრო «აწუხებენ» და «ექაჩებიან»” ეკლესიას პოლიტიკისკენ, ვიდრე ეკლესია ილტვის ამ სფეროსკენ.

სრულ სისულელედ მიმაჩნია ის, რომ შსს პატრიარქს აშანტაჟებს 80 მღვდლის დაპატიმრებით. 80 მღვდელი დაიჭირეს და მათი მრევლის არც ერთი წევრი ხმას არ იღებს? ეპისკოპოსებიც დუმან? საპატრიარქოც ჩუმადაა? ინფორმაცია მხოლოდ გაზეთ «ქრონიკაში»” ჟონავს და ქვეყანაში არავინ არაფერი იცის? როცა ამ ამბავს” ავრცელებდნენ, მკითხველები დააკვირდნენ, რა წყაროებს ეფუძნებოდა ინფორმაცია? აზუსტებდა ვინმე, რომელი ტაძრების მსახურნი, რომელი ეპარქიის სასულიერო პირები აიყვანეს? წმინდა წყლის ინსინუაციაა ეს. დავინტერესდი, შსს-ში დავრეკე გადასამოწმებლად და იქ არაფერი იცოდნენ, არც ამბის და არც ცნობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ასეთი პასუხი გამცეს: 80 მღვდლის დაჭერა კი არა, ერთი ადამიანის ცემა არ იმალება და მჟღავნდება დოკუმენტების თანხლებით (და ძალიან კარგია, რომ მჟღავნდება). თუ დასაჭერია, მღვდელიც უნდა დაიჭირო, მოლაც და ქურუმიც. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვფიქრობ, მღვდლები ჩვენში არაოფიციალური იმუნიტეტით არ უნდა სარგებლობდნენ.

რედაქცია გაეცნო საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ქონების დოკუმენტაციას გამსახურდიას პრეზიდენტობიდან დაწყებული, დღევანდელი დღის ჩათვლით. ქონებრივი ნუსხა საკმაოდ ვრცელია და ამდენად მათი სრულად წარმოჩენა საგაზეთო ფორმატში შეუძლებელია და არც არის ჩვენი მიზანი. მოკლე ჩამონათვალი კი ასეთია:

თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე კრწანისის ტყე-პარკი, ჭიათურის ზონის სოფელ უსახელოს სასოფლო-სამეურნეო მიწები, დაბა ასპინძის კოლმეურნეობის მიწები, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ზესტაფონის მებოცვრეობის სანაშენე მეურნეობები, 42.0 ჰა მიწის ნაკვეთი, ზუგდიდში ისტორიული მუზეუმის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კოტეჯი მუდმივ მფლობელობაში, თბილისის კარდეოლოგიური საავადმყოფო სოციალურად დაუცველი და უმწეო კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარებისათვის, ყვარელში სკოლა-ინტერნატის შენობა-ნაგებობები, დაბა ყაზბეგში მდებარე ბავშვთა სახლის შენობა, ცხვარიჭამიაში განთავსებული დასასვენებელი კომპლექსი, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე დეპარტამენტის კინობაზის შენობა უმწეო მოქალაქეთათვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე #1 რადიოსადგურის ქონება, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახაზინო საწარმო «საქბოსტანჯიშთესლის» ქონება, თეთრი წყაროს რაიონის ყოფილი დიდი თონეთის მეურნეობა, თბილისის #3 სამშობიარო სახლი, ქუთაისის #1 საავადმყოფო, დადიანის ქუჩაზე არსებული სამშობიარო, თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული კორპუსი, თეთრი წყაროს რაიონის სახელმწიფო მეურნეობები და სხვ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავუკავშირდით საპატრიარქოს საფინანსო და იურიდიულ სამსახურს, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ იმის თაობაზე, კონკრეტულად რა ოდენობის ქონებას ფლობს საპატრიარქო. იურისტმა ივანე გოგუამ გვიპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიისთვის მიგვემართა. დავუკავშირდით საპატრიარქოში მთავარ ბუღალტერს, რომელმაც მხოლოდ ის გვითხრა, რომ თამარი ჰქვია. გვაინტერესებდა ბიუჯეტის 25 მლნ, რომელიც გამოყოფილია საპატრიარქოსათვის, რა მიმართულებით უნდა განიხარჯოს. ქალბატონმა თამარმა გვიპასუხა, რომ, ჯერჯერობით, მიდის პროცედურა, თანხა მთლიანად არ არის გადმორიცხული.

საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ქონებრივ და ფინანსურ საკითხებზე საუბარი «მძიმე პროცედურა» აღმოჩნდა, რადგან არავის სურდა ან შეიძლება არც იცოდა, თუ რა რაოდენობის ქონება აქვს საპატრიარქოს და როგორ განკარგავს მას.

მოგვიანებით შევხვდით მამა ზაქარია მაჩიტაძეს, რომელიც საპატრიარქოს ფინანსებს კურირებდა.

მამა ზაქარია: მე აღარ ვკურირებ ფინანსებს და მადლობა უფალს, დავისვენე. რაც შეეხება საპატრიარქოს ქონებას, რაც უფრო მეტი ექნება, მით უკეთესია ერისათვისაც და ბერისათვისაც. ძლიერი ეკლესია ძლიერი საზოგადოებაა. მეურნეობები ბევრია და იქ მიდის სამეურნეო სამუშაოები, მოწეული პროდუქტი ბერებისათვის და უფასო სასადილოებისათვის არის, რომელიც საპატრიარქოს ეკუთვნის. საავადმყოფოებში, მართალი გითხრათ, რთული მდგომარეობაა, რადგან მედიკამენტები ძვირი ღირს. ექიმის კონსულტაციები და დიაგნოსტიკა უფასოა. რა თქმა უნდა, ეს ბევრი არ არის, მაგრამ იმედია, მომავლისთვის ყველაფერი უკეთესად იქნება.

საპატრიარქოს ბიზნესსაქმიანობას თუ შევეხებით, 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჯერ კიდევ არ იყო დარეგულირებული ყველაფერი და რიგითი მღვდლის ხელის მოწერითაც ხდებოდა სპილენძისა და ჯართის ექსპორტი თურქეთში. შემოჰქონდათ ლუდი და ღვინო. იყო ასეთი დრო. ახლა ეს აღარ არის. ალავერდის ეპარქიაში მართლაც არის წმინდა გიორგის სახელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი პირდაპირი მოვალეობაა ქველმოქმედება. სხვა საქმიანობის შესახებ მე არაფერი ვიცი.

რაც შეეხება იმას, რომ მღვდელი მრევლის შემოწირულობაზეა დამოკიდებული, ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა, უცხოეთში საეკლესიო პირებს ხელფასი აქვთ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: