Posted by: gela_jvania | May 14, 2010

kapelani

პრორუსულმა სამღვდელოებამ ქართული ჯარი უნდა დამოძღვროს?

 2009 წლის 02 07, ხუთშაბათი, 17:05-ზე

შეიძლება, რომ პრორუსული, ანტიდასავლური და შავბნელი მსოფლმხედველობის სამღვდელოებამ ქართველი ჯარისკაცები დამოძღვროს?

სამღვდელოების ჯარისკაცებზე გავლენის შედეგები:

გვ.5-7. “პრო-“ნატო“-ური ისტერიის შესახებ. გვინდა კი იმისთანა “ნატოში”, რომელშიც სატანისტები ზეობენ?! (თვითმხილველის ნაამბობი). გვესაუბრება ერაყიდან დაბრუნებული ქართველი სამხედრო ირაკლი ქორდელი (გვარი შეცვლილია).
– როგორი დამოკიდებულება გქონდათ ამერიკელ ჯარისკაცებთან…

– დამოკიდებულება თითქოს კარგი გვქონდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ ზემოდან გვიყურებდნენ. უმრავლესობა გაუნათლებელია და არც კი იცოდნენ საქართველოს არსებობა.
……..
– თუ შესწრებიხართ ამერიკელი სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და ტყვეთა დისკრიმინაციის ფაქტებს?

– ….. მოსახლეობას ძალიან უსამართლოდ ექცეოდნენ. ჩვენ სამსახური გვიწევდა მოსახლეობასთან ძალიან ახლოს და ხშირად ქართველები ბავშვებს ნუგბარითაც ვუმასპინძლდებოდით. ერთხელ ერთმა ბავშვმა ამერიკელს სთხოვა – წვენი დამალევინეო, მან კი წიხლი ამოარტყა და გააგდო, ჩვენს შენიშვნაზე კი გვიპასუხა: მირჩევნია გადავაგდო, ვიდრე ამას მივცეო. ამერიკელებს თავისუფლად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეძლოთ მიემართათ საარტილერიო დანადგარი ადგილობრივთა სახლებისათვის და ასე ევარჯიშათ მიზანში სროლაში. მკვლელობა ან ქალთა შეურაცხყოფა იქ არავითარი პრობლემა არ არის.
………..
– თავად სამხედროები რას ამბობენ ერაყში წარმოებული ოპერაციის მიზეზებზე?

– რომელ ამერიკელსაც არ უნდა ჰკითხოთ – რატომ ხარ აქ – ყველა გიპასუხებთ – ნავთობის გამოო……

– როგორც პროფესიონალი სამხედრო და თქვენი ქვეყნის პატრიოტი, რა აზრის ხართ ერაყში კონტიგენტის გაზრდასა და ავღანეთში მის შეყვანაზე, მაშინ, როცა სხვა ქვეყნები რაოდენობას ამცირებენ?

– კონტინგენტს მართლაც ზრდიან 500-დან 2000 კაცამდე და მე, როგორც საქართველოს პატრიოტი პირდაპირ ვიტყვი – ეს დაუშვებელია. იქ მყოფი თითოეული ქართველი მხოლოდ ფულის გამოა ჩასული. ჩვენ არაბებთან გვქონდა გულახდილი საუბარი და მათ კითხვაზე, თუ რა გვესაქმებოდა ჩვენ სხვის ომში, დაუფარავად ვუთხარით ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობისა და ჩვენი მთავარი მოტივაციის შესახებ. ამის შემდგომ მათ ასევე გულახდილად გაგვაფრთხილეს – თუ ქართველები მალე არ დატოვებთ ჩვენს ქვეყანას, აღარ დაგინდობთო……..

– თქვენი აზრით რასთან გვაქვს საქმე: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს კეკლუცობა და გუნდრუკის კმევაა ამერიკელთა წინაშე?

– რა თქმა უნდა, ეს პოზაა, რომ ჩვენ ამერიკელების გვერდზე ვდგავართ……. იქ უგანდელებიც იბრძვიან, და ჩვენ იმათზე ცოტა მეტ პატივს გვცემენ, მათ თვალში, ეტყობა, უგანდელებზე ოდნავ მაღლა ვდგავართ, ალბათ, თეთრკანიანები რომ ვართ, იმიტომ.

– როგორც სამხედრო, როგორ ფიქრობთ, “ნატოში” შესვლის ამგვარი აჩემების დროს არის თუ არა გათვლილი ყველა პოზიტიური და ნეგატიური შედეგი?

– ….. რუს სამხედროებზეც მინდა ვთქვა: მათთან ერთად სამაჩაბლოში მიმსახურია სამშვიდობოთა რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული ქვეყნები ვართ, ამერიკელებთან შედარებით რუსი სამხედროები უფრო მეგობრულები არიან.
………..
– კიდევ რა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით?

– ასევე განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის, რომ ამერიკელ სამხედროთა შორის ბევრნი მეტად უცნაური რელიგიის მიმდევარნი იყვნენ. ერთხელ წავესწარი ქალი სამხედროს ლოცვას: წინ მაგიდაზე გაშლილი ჰქონდა თეთრი ქსოვილი, შავად წრეში უკუღმა ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავით, გვერდით მახვილი იყო ჩარჭობილი და იწვოდა რაღაც ბამბუკის მსგავსი მცენარე, რომელიც იკმეოდა. ეს ქალი გულით იგივენაირ კულონს – წრეში უკუღმა ჩახატულ ხუთქიმიან ვარსკვლავს ატარებდა, რასაც საგულდაგულოდ მალავდა. რომ ვკითხე – რა რელიგიის მიმდევარი ხარ-თქო, არაფერი მითხრა, ის კი წამოსცდა, რომ ამის გამო ამერიკაში ლამის მომკლესო. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ამ რელიგიის მიმდევარი ამერიკელ სამხედროებში ოცდაათამდე ადამიანი იყო.

– რასაც თქვენ აღწერთ, ცნობილი სატანისტური სიმბოლიკაა. გამოდის, რომ ამერიკელი სამხედროები სატანის კულტის თაყვანისმცემლები იყვნენ?!

– არ ვიცოდი ამ ყველაფრის არსი. ისე კი, ჩემთვის ერთი ფაქტია ცნობილი: ამერიკაში ერთი ადმირალი სატანისტობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, მან კი სასამართლო პროცესი მოიგო და თავი აღიდგინა. მას შემდეგ აშშ-ს კანონმდებლობით სატანისტებსაც შეუძლიათ თანამდებობების დაკავება (დემოკრატიაა, აბა, როგორ?! – რედ.). ისე რავარია, სატანისტი ხელმძღვანელი რომ გეყოლება?!

P. შ. ალბათ მართლაც სერიოზული დაფიქრება გვმართებს: სხვა ყველაფერს თავი რომც დავანებოთ, შეიძლება კი იმგვარ ალიანსში გაერთიანება, რომლის სამხედრო პერსონალიც სატანის მიმდევარია?!

გვ. 9. ქართული არმია რადიაციული საფრთხეებისგან დაცული არ არის. პროფესორი მიხეილ კავილაძე.
……… მაგალითად ტომაჰავკებში 3 კგ ასეთი ჭურვის აფეთქების შემთხვევაში 50-მეტრიან რადიუსში გარემო მილიონობით წლის მანძილზე რადიოაქტიური რჩება. აღნიშნული ჭურვები თავდაპირველად ერაყის პირველ ომში გამოიყენეს ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ და, თუ რუსეთის შეიარაღებული ძალების ეკოლოგიური უსაფრთხოების უფროსს, გენერალ-მაიორ იუნაკს დავუჯერებთ: “ჭურვების რადიაციისაგან დაიღუპა რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცი”……… ცნობილია, რომ როდესაც ვინმეს სჯის, ღმერთი ჯერ ართმევს გონებას. ჩანს, იგი სწორედ რადიაციით გვსჯის. ამის მიზეზი არაერთია. ჩვენ ვივიწყებთ ტრადიციებს……
“ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N3 2007. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით.

გვ. 12-13. “ჩემს ახლობელს ჯიბეში ყუმბარა არ აუფეთქდა”. როგორ ეხმარება რწმენა ჯარისკაცს. ესაუბრა ეფემია წიკლაური.

სერჟანტი ზეზვა ხორნაული სასულიერო სემინარიაში დიპლომის დასაცავად ემზადებოდა, როდესაც კომანდოს ბატალიონის ჩამოყალიბების ამბავი შეიტყო და სასწავლებლის დამთავრებას აღარც კი დალოდებია, ბავშვობის ოცნება აიხდინა და მაშინვე ჯარისკაცი გახდა.
………
_ ერაყში სხვა ბატალიონებს მღვდელი დაჰყვებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვახლდა. სასულიერო პირის გაყოლა ჩვენც რამდენჯერმე მოვითხოვეთ, მაგრამ მაშინდელმა მინისტრმა კატეგორიული უარი გვითხრა. სასულიერო პირი მებრძოლებში სულის კვეთებას აქვეითებსო, ასეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა.
…….
– თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი მძიმე სიტუაციები, როდესაც სასწაულებრივ შემთხვევას შეხვედრიხართ და ღვთის მფარველობა უშუალოდ შეგიგრძნიათ?

_ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ჩვეულებრივი ომი მიმდინარეობდა…. 11 აგვისტოს კარგი დღე იყო, მოკრიალებული ცა, დაზვერვამ მოიტანა ინფორმაცია, რომ მოპირდაპირე ადგილას, ფერდობზე, სადაც ძველი ქართული ტაძრის ნანგრევები იყო, მტერი შენიშნეს. მეთაურმა ბრძანება გასცა, ეს ადგილი დაებომბათ და მიწასთან გაესწორებინათ. არტილერისტებმა მას შეახსენეს, რომ იქ ეკლესია მდებარეობდა და შეიძლებოდა საფლავები ან სხვა სიწმინდეები ყოფილიყო, ამიტომ დაბომბვისაგან თავი შეეკავებინათ. მეთაურის ბრძანება შეუვალი იყო, პირჯვარი გადაიწერეთ და ღმერთი გაპატიებთო. მოკლედ, ის ადგილი დამუშავდა. ამ ფაქტის შემდეგ პირველად დავფიქრდით იმაზე, რომ მანამდე ღმერთი გვიფარავდა და ასეთი საქციელით შეიძლებოდა უფალი განგვერისხებინა. რაც ამ დღის შემდეგ ჩვენს თვალწინ მოხდა, კიდევ ერთი სასწაული გახლდათ. როგორც კი მოსაღამოვდა, უსასრულო ჯანღი წამოვიდა, ყველაფერი დაიბურა და წვიმა დაიწყო. წინა დღეებში ინტენსიური შეტაკებები და სროლები თუ ღამის ათი საათიდან იწყებოდა, უფრო ადრე დაიწყო და მახსოვს, ყველამ ვიგრძენით, რომ რაღაც ხდებოდა, შეგვეპარა შიშიც. მართლაც, იმ საღამოს ძალიან ძლიერი შეტევა, ჩვენი პოზიციების უზუსტესი დაბომბვა განხორციელდა. ჩვენს სანგრებში ჩამოცვივდა ბომბები. 50 მეტრით უკან დახევა მოგვიწია, მერე კი დავიბრუნეთ პოზიციები, მაგრამ გვქონდა მსხვერპლი და გვყავდა დაჭრილებიც დაახლოებით ცხრა-ათი მებრძოლი დაიჭრა, ორი კი გმირულად დაგვეღუპა. იმ ღამეს, შეიძლება ითქვას, ღმერთმა დაგვანახა, რომ მისი შეწევნის გარეშე არაფერი შეგვიძლია.
ჟურნალი გუმბათი. N 5-11, იანვარი 2009.
დირექტორი ლალი ასლანიშვილი
რელიგია: ლევან მელიქიშვილი, ია მერებაშვილი, ეფემია წიკლაური

გვ. 4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ბრძანებით 2009 წლის 15 იანვრიდან:

ყოვლაწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს შეიარღებულ ძალებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, დეკანოზი დავით ლონდარიძე დაინიშნოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსბული წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად;

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ზოოვეტის ინსტიტუტის მახლობლად) წინამძღვარი მღვდელი მოსე (ავთანდილ) ჭელიძე დაინიშნოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სულიერ მოძღვრად;

ბოლნისის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მესხი დაინიშნა კოჯრის რეზერვისტთა მომზადების I ბაზაზე სულიერ მოძღვრად და კოჯრის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვრად;

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი გაბრიელი (გელა იმედაშვილი) დაინიშნოს გორის I სამხედრო ქვეითი ბრიგადის სულიერ მოძღვრად;

სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი თევდორე (ზურაბ) სულუაშვილი დაინიშნოს ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებაში სულიერ მოძღვრად და ვაშლიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად;

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური მღვდელი გობრონი (გულადი) ზივზივაძე დაინიშნოს ქუთაისის III სამხედრო ქვეითი ბრიგადის სულიერ მოძღვრად.
საპატრიარქოს უწყებანი. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ყოველკვირეული გამოცემა. N 2 (4880) 22-26 იანვარი 2009.

სამხედრო კაპელანების სახელმწიფო სამსახურის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილია კომისია სამხედრო კაპელანების სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. კომისიის შემადგენლობაში შედიან ძალოვანი მინისტრები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. მათ შორის არის საპატრიარქოს ძალოვან სამინისტროებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი (ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი), რომელიც წარსულში ხუთჯერაა ნასამართლევი კრიმინალური დანაშაულებებისათვის. მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში, მართლაც შეიქმნება სამხედრო კაპელანების სახელმწიფო სამსახური და მართლმადიდებელი სასულიერო პირები დაიწყებენ მუშაობას სამხედრო და პოლიციის ქვედანაყოფებთან. აღსანიშნავია, რომ ეს მდგომარეობა მძაფრად დაემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრივ უშიშროებას, რადგან სამხედრო კაპელანების სახელმწიფო სამსახურის შექმნით ჩვენი ოფიცრები, ჯარისკაცები და პოლიციელები ხელში ჩაუვარდებიან რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგენტებს, რომლებსაც ამჟამად წარმოადგენენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები.
საბერძნეთში, სერბეთში, რუსეთში, რუმინეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოებას და ამგვარად გვევლინება, როგორც ძლიერი იდეოლოგიური მანქანა, რომელსაც ფართომასშტაბიანი გავლენა აქვს მოსახლეობის ცნობიერებაზე. ყოველი მღვდელი წარმოადგენს იდეოლოგიურ პროპაგანდისტს, რომელიც ყოველ დღე, ქადაგებებსა თუ მრევლთან პირად საუბრებში ატარებს გარკვეულ იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება უკვე დიდი ხანია მოიცვა რუსულმა შავრაზმულ-იმპერიულმა იდეოლოგიამ. ეკლესიის უდიდესი პრობლემა სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობის დაბალი ინტელექტუალური დონე და შემაშფოთებლად გაუკუღმართებული აზროვნება. ეს სავალალო შედეგს ახდენს მოსახლეობის ყველა ფენაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე, რომლებიც მრავალ მიზეზის გამო მოწყვეტილნი არიან კულტურულ და ინტელექტუალურ სამყაროს.
როდესაც ქვეყანაში ძლიერი იდეოლოგიური მანქანა (ეკლესია) უპატრონოდ გდია მიტოვებული, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მოვლენ და სიამოვნებით დაეპატრონებიან მას. ასე მოხდა საქართველოში. მართლმადიდებელი ეკლესია უკვე დიდი ხანია ინფილტრირებულია რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური და გავლენის აგენტებით, რომელთაც სრულიად განაგდეს ეკლესიიდან ჯანსაღი ქრისტიანული ღვთისმეტყველება და დანერგეს რუსულ-შავრაზმული. დავასახელებდი მიტროპოლიტებს: იობ აქიაშვილს, დავით მახარაძეს, სერგი ჩეკურიშვილს, დიმიტრი შიოლაშვილს, არქიმანდრიტებს: რაფაელ კარელინს, იოანე შეყლაშვილს, ლაზარე აბაშიძეს; დეკანოზებს: ზურაბ ანთაძეს, თეიმურაზ ჩაჩიბაიას, დავით ისაკაძეს და სხვებს. ახალგაზრდა ქართველ მღვდელს უკვე აღარც სჭირდება პირადი ურთიერთობა შავრაზმული იდეოლოგიის თეორეტიკოსებთან, რადგან მთელი ატმოსფერო ეკლესიაში უკიდურესადაა გაჟღენთილი ამგვარი იდეოლოგიით და ქრისტიანული ცხოვრების სხვაგვარი მოდელი აღნიშნული ახალგაზრდა მღვდლისათვის სრულიად წარმოუდგენელია.
გარდა ამისა ეკლესიის იდეოლოგიურ სიტუაციაზე ძლიერ გავლენას ახდენენ რუსი გეოპოლიტიკოსები. მრავალთა შორის დავასახელებ ვინმე ალექსანდრე დუგინს, რომელიც კარგადაა ცნობილი, როგორც იმპერიულ-შავრაზმული თეორეტიკოსი, მის სისტემებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმადიდებლობის ფაქტორი. ა. დუგინს გააჩნია შესაბამისი სტრუქტურები (კვლევითი ინსტიტუტი, ევრაზიული ცენტრი) და ფინანსები. იგი მჭიდრო კავშირშია ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ გიორგი რაზმაძესთან. ამ მღვდლის აქტიური მოღვაწეობით ქართულად ითარგმნა და გამოიცა ა. დუგინის წიგნი `გეოპოლიტიკის საფუძვლები~, სადაც გატარებულია რუსულ-იმპერიული, ანტიამერიკული და ანტიევროპული შეხედულებები ე.წ. `მართლადიდებლობის~ ბაზაზე. დეკანოზი გიორგი რაზმაძე მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის დაახლოებულ პიროვნებას წარმოადგენს.
უკვე დიდი ხანია კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წარმოადგენს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მძევალს, რომლებიც მას თოჯინასავით ათამაშებენ და ჩვენს სპეცსამსახურებს ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არა აქვთ.
ამჟამად ყოველი ქართველი მღვდელი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, წარმოადგენს რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიურ აგენტს. ჩვენი სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა ქადაგებს მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ და არგუმენტებად მოჰყავთ ყალბი სასწაულები (მტირალი ხატები და სხვა); ქადაგებს ანტიქრისტეს გაბატონების შესახებ და ამის წინა ნიშნებად მიიჩნევს ევროპის გაერთიანებასა თუ ევროს შემოღებას. სამღვდელოებისათვის მძაფრი ანტიამერიკული და ანტიევროპული განწყობილება მიჩნეულია ქრისტიანის ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად და ა.შ. საქართველოს მართლმადიდებელი სამღვდელოება არის სრულიად ზომბირებული რუსეთის მიერ და თავის მხრივ აქტიურად ახდენს ჩვენი მოსახლეობის ზომბირებას. აღვნიშნავთ რომ `სულიერი მოძღვრის~ ქადაგებებს უძლირესი და ეფექტური გავლენა აქვთ მრევლის ცნობიერებაზე.
ზემოთქმულიდან სრულიად ცხადია, რომ მართლმადიდებელი სამღვდელოების სამხედრო კაპელანების სტატუსით მიშვება ჩვენს ოფიცრებთან, ჯარისკაცებთან და პოლიციელებთან პირდაპირ ემუქრება სახელმწიფოს უშიშროებას. ეს იქნება რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური აგენტების მიერ ჩვენი შეიარაღებული ძალების სრული დაპყრობა. კაპელანები ძალიან ადვილად მოახდენენ ოფიცრებისა და ჯარისკაცების ზომბირებას შავრაზმულ-იმპერიული და ანტიდასავლური იდეოლოგიით, დანერგავენ ყალბ პატრიოტიზმს. იქადაგებენ, რომ ამერიკა და ევროპა ხელს უწყობენ სექტების გავრცელებას საქართველოში და ემტერებიან მართლმადიდებელ ეკლესიას. ეტყვიან, რომ დასავლური ორიენტაცია, დასავლური კულტურა, ევროპაში და ნატო-ში ინტეგრაცია არის ქრისტეს ღალატი და ა.შ. ეს კაპელანები გამოიწვევენ მღელვარებას და საფიქრებელია ამბოხებას ქრისტეს სახელით ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და მოხდება სახელმწიფოს დესტაბილიზაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპელანების სამსახურისათვის დაფინანსება ამერიკიდან და ევროგაერთიანებიდან უნდა მოვიდეს.
ვფიქრობთ სრულიად ცხადია, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში სამხედრო კაპელანების სახელმწიფო სამსახურის შექმნა სრულიად გაუმართლებელია და პირდაპირ ემუქრება სახელმწიფოს უშიშროებას.

დეკანოზი ბასილ კობახიძე


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: