Posted by: gela_jvania | May 14, 2010

samyaro aghar gvpasuxobs

სამყარო აღარ გვპასუხობს

 გუშინ, 13:57

ადამიანები განიცდიან საოცარ აჩქარებას თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შიში ვარდნის წინაშე იზრდება და რელიგია კვლავ აქტუალურია – აღნიშნავს სოციოლოგი ჰართმუთ როსა . ინტერვიუ ჩაწერა პეტერ მეროთმა.

პ.მ. – ერთდროს ადამიანები თვლიდნენ რომ წყლის წყაროებში ნიმფები ისხდნენ, ხოლო გვალვისა და წყალდიდობის პერიოდები უმაღლეს არსებათა გავლენის შედეგად ჩნდებოდა, ღმერთების განრისხნებას კი ჭექა-ქუხილი მოჰყვებოდა ხოლმე. დღეს რომელი თავსატეხები და შიშები ტანჯავენ ადამიანს?
ჰ.რ.- თავსატეხები ეხლაც მრავლადაა, მათ უბრალოდ ბუნება შეიცვალეს. ღმერთებიც ნაბიჯნაბიჯ გაემგზავრნენ სამყაროდან. თავდაპირველად ისინი ყოველ ბუჩქში ისხდნენ, შემდეგ კი ყოველ ერზე თითო, შემდეგ კი ისინი ზეცაში აღმოჩნდნენ მთელი სამყაროს თავზე.
პ.მ.-ნატურალისტური რელიგიებიდან, ძველი ბერძნულ ოლიმპომდე და იქედან მონოთეისტურ რელიგიებამდე…
ჰ.რ.- …და ასევე ბევრი ადამიანისათვის აბსტრაგირდნენ.
პ.მ.- ყოვლისშემძლე ალაჰისა და მამაღმერთიდან ზოგადი ღვთაებრიობის პრინციპამდე..
ჰ.რ.- ბევრი საუბრობს მხოლოდ ღვთაებრივ ძალებზე, რომელთა გავლენებს ბუნების მოვლენებში ხედავენ.
პ.მ. – ჩვენ ვცხოვრობთ პოსტგანმანათლელურ სამყაროში,სადღაა პრობლემა?
ჰ.რ.- მე ვფიქრობ,ბევრი რამ გამომდინარეობს იქედან რასაც მაქს ვებერმა ,,სამყაროს განჯადოება“უწოდა. სამყარო გათავისუფლდა მაგიური მომენტებისაგან და ჩვენ გვჯერა რომ ადამიანს ყველაფრის ფლობა შეუძლია, მაგრამ ასევე ვიცით, რომ პრაქტიკაში ყველაფერზე ვერ ვმოქმედებთ, ვერ ვფლობთ. ჩვენ განუწყვეტლივ ვეჯახებით თავსატეხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხანდახან ისინი თუნდაც ჩვენი კომპიუტერიდან იწყება, ხელსაწყოდან, რომლითაც ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ. იქ ხდება ისეთი რამ , რომელთა წარმოქმნაც შეუძლებლად მიგვაჩნდა.საგნები რომლებიც ყოველთვის ფუნქციონირებდნენ უეცრად წყვეტენ მოქმედებას.
პ.მ.- და ჩვენ ვამბობთ: ღმერთო ჩემო რატომ აღარ იძვრის ეს მანქანა?, თუმც ვიცით რომ პრობლემა მისი ენრგეტიკული კვების ნაწილში ძევს.
ჰ.რ.- ეს კულტურული დანაკარგია, ჩვენ დავკარგეთ იმედი, რომ შეგვიძლია საგნებზე გავლენა მოვახდინოთ, თუ უფრო მაღალ არსებას შევთხოვთ ან მსხვერპლს შევწირავთ მას. მე ვფიქრობ,რომ რელიგიის ერთგვარ საიდუმლოებას, მასზე მოთხოვნილების ახსნას, წარმაოდგენს ადამიანების ცხოველი სურვილი ცხოვრობდნენ სამყაროში, რომელიც მათ პასუხობს. სამყარო რომელიც ჩვენ გვიღებს,რომელშიც ჩვენს გამოძახილს ვპოვებთ. გვსურს შინაგანი და გარეგანი ურთიერთქმედებდეს, იყვნენ გახსნილები ერთმანეთისათვის.
პ.მ.- რას გულისხმობთ შინაგანსა და გარეგანში?
ჰ.რ. – მე მაქვს შინაგანი ცხოვრება, ჩემი გრძნობები და ფიქრები, გარეთ კი სხვა სამყაროა. თანამედროვე ადამიანები მკვეთრად ანცალკევებენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში შინაგანსა და გარეგანს. ადრე, როდესაც ცა ქუხდა, ადამიანები თვლიდნენ, რომ რომელიმე თავიანთი საქციელის გამო ისჯებოდნენ, რომ მათი სათნოება ან ცუდი სქციელი, მოქმედებდა უხვ მოსავალსა თუ გვალვაზე, სნეულებებსა თუ სხვა უამრავ მოვლენაზე. აგრეთვე სჯეროდათ, რომ გარეგანიც ახდენდა გავლენას მათ შინაგან სამყაროზე, რომ წმინდა წყლით სულს განიწმენდნენ. კათოლიკური ეკლესია (ასევე აღმოსავლურ-ქრისტინული მიმდინარეობები-მ.გ.) დღემდე იცავს ნაკურთხი წყლის ტრადიციას, ჰინდუისტები მდინარე განგს მიაშურებენ ხოლმე. ადრეულ რწმენებში არსებობდა მუდმივად პასუხის მომცემი,საზრიანი სამყარო. როდესაც ბუნების კანონები აღმოვაჩინეთ, ჩვენ სწორედ ეს აღქმა დავკარგეთ. სამყარო ფუნქციონირებს კანონებით,რომლებსაც ჩვენს შინაგანთან საერთო არაფერი აქვs, ამიტომაც იქცა სამყარო ჩვენთვის თავსატეხად.
პ.მ.- იწვევს ეს ყველაფერი ადამიანების მისტიკისა და შამანიზმისაკენ შემოტრიალების ტენდენციას? რას ეძებენ ადამიანები ამ ფოკუს-მოკუსებში?
ჰ.რ.- კანადელი ფილოსოფოსი ჩარლზ ტეილორი (Charles Taylor) ამას ხსნის არსებული გამოფიტვის (poröse) ილუსტრირებით. ის სვამს კითხვას: რას ნიშნავს ცხოვრობდე თანამედროვე სამყაროში? რა არის სხვაგვარად? 500 წლის წინ ადამიანებს სულ სხვა მოსაზრება ჰქონდათ თავიანთ არსებობაზე(Existenz). ისინი არასოდეს იზოლირდებოდნენ ისე, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ყოფილიყვნენ პასუხისმგებელნი, ისინი არ აღიქვავდნენ საკუთარ თავს ასე უკიდურესად ინდივიდულისტურად, როგორც დღეს ჩვენ აღვიქვავთ, მათთვის ყველგან არსებობდნენ სულიერი არსებები, რომლებსაც შეეძლოთ ადამიანები დაეზიენბინათ, ან პირიქით დადებითი ძალებით აღევსოთ. მაგალითად ,როგორც მფარველ ანგელოზს. ადამინთა სულიერ ცხოვრებას, მათ ბედისწერას, შინაგანსა და გარეგან სამყაროთა შორის პერმანენტული კავშირები არსებობდა. ადამიანებს სჯეროდათ რომ გარკვეული მაგიური საშუალებებით სხვა ადამიანების ფიქრებსა და გრძნობებზე ზემოქმედება შეეძლოთ.
პ.მ. – ასევე ისინი დაეწყევლად ან მოეჯადოებინათ…
ჰ.რ. – კი, მაგრამ ადამიანს შეეძლო იგივე მეთოდებით თავი დაეცვა. საზოგადოებაც უფრო ძლიერი იყო ადამიანთა შეცნობაში. ადამიანები იყვნენ ვალდებულნი საზოგადოების წინაშე, მაგრამ ამავედროს უფრო დაცულნი მისგანვე. ურთიერთობა ,,თვითსა“ და გარესამყაროს შორის ურთიერთნდობაზე იყო აგებული. დღეს ორივე განცალკევებული და შემოსაზღვრულია ერთმანეთისგან. ,,თვითი“ დღეს წარმოდგენილია როგორც ,,პუნქტუალური თვით“, რომელიც ჩაკეტილია საკუთარ მოთხოვნილებებში, სურვილებში, განსაცდელებსა და ფიქრებში. ბევრი ეზოთერული მიმდინარეობისა და ,,New-Age“ იდეების მიმზიდველობის ერთერთი მიზეზი მდგომარეობს იმაშიც, რომ ისინი ატომიზირებული,,თვითის“ სწორედ ამ იზოლაციიდან გამოყვანას გვპირდებიან. ამის მიღწევას კი ქვების, ვარსკვლავების, ყვავილებისა და ხეების გამოყენებით ცდილობენ.
პ.მ. – არსებობენ ახალი შიშები ახალი თავსატეხების გვერდით?
ჰ.რ. – მე ალბათობით ვვარაუდობ, რომ შიში სამყაროს ფუძემდებლური მამოძრავებელი საშუალებაა. ჩემთვის, ამ თემაზე დისკუსიისას, საინტერესოა საკითხი: რა არის საკუთრივ თანამედროვე კაპიტალისტური მანქანა, რამ მიგვიყვანა ფინანსურ კრიზისამდე? უმრავლესობა თანხმდება, რომ ჩვენ შურისა და სიხარბის საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მას სრულიად არასწორად მივიჩნევ და ამის საპირისპიროდ ვამტკიცებ: ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა შიშიa. ადამინებს ახასიათებთ მუდმივი შიში, მაგრამ თანამედროვე შიშმა ხასიათი იცვალა. მოდერნიზაციის პერიოდში წარმოიქმნენ შიშები და ასევე იმედებიც, რომლებიც მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ სფეროს და მასზე ეხლა ისე ძლიერად არიან დამოკიდებულნი, როგორც არასდროს. ადრე ადამიანებს ყველაზე მეტად საუკუნო წარწყმედის ეშინოდათ, აქედან გამომდინარე უმთავრესი იმედიც საუკუნო ცხოვრებას უკავშირდებოდა.
პ.მ . – მაგრამ მათ ჰქონდათ შიში ასევე სხვადსხვა ამქვეყნიური უბედურებებისა, შიმშილისა და ზამთრის სიმკაცრის წინაშე.
ჰ.რ. – ესენი იყვნენ შიშები და იმედები, რომლებმაც დააჩქარეს ეკონომიკური პროცესების განვითარება და მათი ამ სახით ჩამოყალიბება, როგორებიც დღეს გვაქვს სახეზე. ეს იყო გარკვეული სახის სპირალი, რომლის მხარეებიც ერთმანეთს აძლიერებდნენ და ზრდიდნენ. ამ პროცესებიდან ამოიზარდა ჩვენი დღევანდელი კონტექსტი. სახელდობრ კი ჩვენს ირგვლივ არსებული, ყველა მატერილური,სოციალური თუ სულიერი სფერო თანაბარი სიძლიერით უფრო და უფრო აჩქარებულად მოძრაობს. ამჯერად ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არნახულ სისწრაფეს იძენენ ინფორმაციული და კომუნიკაციური დინებები, სადაც განუწყვეტლივ ახალი და ახალი სუბსტანციები ჩნდებიან, სოციალური თუ მატერიალური სივრცის ზედაპირზე, მაგრამ ამასთანავე, ამ ყველაფერთან ერთად, პარადოქსულ ვითარებაში ადგილი აქვს დროის სიმცირის უმოწყალოდ ზრდას. აქედან გამომდინარე სახეზე გვაქვს სპეციფიურად თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი შიშები. როგორც წესი ესაა მდგომარეობის დაკარგვის შიში, შიში იმისა , რომ ვეღარ შევძლებთ თანასვლას (mitkommen), თანარბოლას (mitlaufen).ვინმეზე დამოკიდებულად ყოფნის წინაშე შიში. სწორედ ამიტომ არაა შემთხვევითი, დღევანდელ მშობლებს ყველაზე მეტად ეშინიათ რომ მათი შვილი არ ჩამორჩეს.
პ.მ . – არ არსებობს ამოსუნთქვის შესაძლებლობა?
ჰ.რ. – იმედები სამწუხაროდ სრულიად ილუზორულ საწყისებზე იგება. თითქოსდა ოდესმე შესაძლებელია საბოლოო სტაბილურობის მიღწევა, რომლის წყალობითაც ადამიანს შეეძლება ჰქონდეს მშვიდი, წყნარი ცხოვრება, დატკბეს თავისუფალი სიცოცხლით. ვითომცდა დადგება დრო, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ შიშების გარეშე იცხოვრონ, რომ ისინი აღარ იქნებიან იძულებულნი იყვნენ გადარბენაზე. მე მჯერა, რომ ამდაგვარი შიშების ხარისხი თანდათან კიდევ უფრო გაიზრდება. გვიანი თანამედროვე საზოგადოებები(spätmoderne Gesellschaften) შიშისაგან განსაზღვრულებიუფრო არიან, ვიდრე მათი წინამორბედნი, არადა მატერიალური მიღწევები დღეს უფრო სახეზეა. აჩქარებასთან გადანასკვული თანდათანობითი განტვირთვის მოლოდინის წინასწარმეტყველება, რომელიც თავისუფლებას გვპირდება ნელნელა იწრიტება. იძულების ქვეშ, ზაზუნის მსგავსად რკინის გორგალზე რბოლის პერპსექტივა კი უფრო და უფრო ცხადი ხდება. ადამიანთა პიროვნული შეფასება და მათი აღიარება კი სულ უფრო მოკლე და არასტაბილური ხდება, ადამიანს აღარ შეუძლია რაიმეს დაეყრდნოს, იგი ვეღარ ფლობს რაიმე საყრდენს. ოჯახები ადვილად რღვევადია, სამუშაო ადგილი კი ასევე ადვილად უქმდება. ის ადამიანებიც კი, ვისაც შედარებით მყარი სამუშაო ადგილი აქვს, შეიძლება მოულოდნელად ჩამოქვეითდნენ.
პ.მ .- ადრე როდესაც ადამიანი ატესტატს, ან თუნდაც ტექნიკური განთლების დიპლომს იღებდა შეეძლო ამ კვალიფიკაციაზე შეჩერებულიყო და დაესვენა. დღესდღეობით კი სიცოცხლის ბოლომდე სწავლა მკვიდრდება, მიგაჩნიათ ეს უარყოფითად?
ჰ.რ. – ეს პერმანენტული დინამიზაცია ადამიანებს ყველაფერზე კონტროლის დაკარგვის გრძნობას უჩენს.
პ.მ. – ეხება ეს სახელმწიფო მოხელეებსა და C-4 კატეგორიის პროფესორებს?
ჰ.რ.-თქვენი კითხვა მიუთეთებს, რომ მოხეელებთან მიმართებაში თითქოს ეს აჩქარება შემცირებულია, მაგრამ ამ კონტექსტში უნდა გავითვალისწინოთ ისეთი საკვანძო სიტყვები როგორიცაა: დებიუროკრატიზაცია, დერეგულირება, პრივატიზაცია. თუნდაც ჩემი პროფესია ავიღოთ: თუ ადრე ადამიანი პროფესორი იყო მას ჰქონდა საკუთარი პოზიცია და აღიარება. დღეს კი ამ პროფესიის ადამიანები განუწყვეტლივ იზომებიან და მოწმდებიან პუბლიკაციების, ნაშრომების გამოქვეყნების რაოდენობითა თუ სხვა კრიტერიუმებით. ჟურნალისტიკაშიც მსგავსი სიტუაციაა, სადაც დაწერილი სტატიების ოდენობით განიზასღვრება ჟურნალისტის პოზიცია. მენეჯერებთან კი საქმე კიდევ უფრო რთულადაა.
პ.მ .- სავალალოა ბონუსური გადახდის სისტემა?
ჰ.რ.- მათთვის არა ვისაც მილიონები აქვს, მაგრამ ზოგადად რომ შევხედოთ ბონუსური პრემიების ეს სისტემა ტოვებს იძულებისა და ზეწოლის შთაბეჭდილებას, მართალია ადამიანებს აქვთ მეტი ფული, მაგრამ რას იღებენ ისინი ამიs სანაცვლოდ? ისინი ჩართულნი არიან ამ რბოლაში და წარმატების თამაშში, პროცესში რომელმაც შეიძლება მათ ნებისმიერ დღეს ჩაუაროს გვერდით, რადგან არსებობს დაცემის მუდმივი საშიშროება. ეს გრძნობა, რომ შეუძლებელია რაიმე მყარი ნიშა დაიკავო და ყველანაირი შეფასება დაკარგო, იწვევს ძალიან უცნაურ განცდას.თვით ის ადამიანებიც კი რომლებსაც დღეში 8200 ევრო აქვთ შემოსავალი, ფიქრობენ რომ ეს არ არის საკმარისი. ეს იწვევს პათოლოგიურ უსაზღვროებას. ფული ყველაფერი არ არის. მე ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ახალი ინდიკატორი, ახალი იდეა ცხოვრების ხარისხის შესახებ. ძალიან ვბრაზდები, როდესაც მეტ მოგებაs, მეტ ეკონომიკურ ფუფუნებას უპირველეს კოლექტიურ საჭიროებად წარმოადგენენ. ეს ყველაფერი ცხოვრებას უკეთესს არ ხდის.
პ.მ . – ფული თავისთავად არა, მაგრამ ის რაც ადმაიანს ფულით შეუძლია გააკეთოს, მგონი კი.
ჰ.რ. – ჩვენ მართლაც გვაქვს უამრავ შესაძლებლობათა არჩევანი ვიდრე ეს ადამიანს აქამდე ჰქონდა.
პ.მ . – ეს უარყოფით მოვლენად მიგაჩნიათ?
ჰ.რ. – მე ვფიქრობ ეს თითოეულისათვის ნათელია: შესაძლებლობლების რაოდენობის ბრმად გაზრდა არ იწვევს სიცოხლის ხარისხის გაზრდას. გვკარნახობენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რაიმეს თავად არჩევა რომ შეგვიძლია, რომელი სატელეფონო ტარიფია ყველაზე მოსახერხებელი, ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი ფირმა, საპენსიო დაზღვევის რომელი ფორმა. არსებობს ცხოვრების სფეროები სადაც ადმაიანს შეუძლია უსასრულოდ აკეთოს არჩევანი, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ხვდებიან, რომ სწორედ ამ არჩევანმა მათი ცხოვრება კი არ შეამსუბუქა, პირიქით გადატვირთა იგი. ჩვენ ვდგავართ უზარმაზარი შესაძლებლობათა ჩამონათვალის წინაშე, როდესაც საქმე ეხება არჩევანს თუ რომელი საბავშვო ბაღი იქნება შესაბამისი ჩვენი შვილისათვის, რომელი მოხუცთა სახლი ავირჩიოთ მშობლებისათვის და ა.შ. არსებობს ათასობით წიგნი, რომლებიც დამხამaრე ინფრომაციებს გვაწვდიან ამ თემებთან დაკავშირებით. ,,რჩევისმომცემნი“ სწორედ ასე იწყებენ: ,,მოახდინეთ საკუთარი თავის ინფორმირება“, ‘’წაიკითხეთ ყველაფერი გულდასმით“, ’’მიაკვლიეთ თქვენს მოთხოვნილებებს“- სწორედ ამ მომენტში ხდება ადამიანი ვალდებული. რა თქმა უნდა არავინ კითხულობს 600 გვერდიან ინსტრუქციას, ეს სავსებით შეუძლებელია. შეიძლება ამას ვინმემ უბრალო გადატვირთვა უწოდოს, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ სწორედ მსგავსი რამეები აქვეითებენ სიცოცხლის ხარისხს.
პ.მ . – წინსვლა როგორც ? – როგორ აღმოვჩნდით ამ ხაფანგში?
ჰ.რ.- იდეა იყო რომ ჩვენ ძალიან მკაფიო წარმოდგენა გვაქვს თუ როგორ გვსურს ვიცხოვროთ. თუ მე მსურს ვიყო კათოლიკე, მაშინ ვარ კათოლიკე პლურალურად თავისუფალ საზოგადოებაში, თუ მსურს ევანგელისტი ვიყო ვარ ასეთნაირადვე ევანგელისტი, თუ მსურს ვიყო მუსლიმი ვარ მუსლიმი. ამ შემთხვევაში შესაძლებლობათა არჩევანი კარგია. მოდერნიზაციის პროცესის მსვლელობისას ეს შესაძლებლობათა არჩევანი საბოლოო მიზნისაკენ წავიდა. როდესაც დღევანდელი ახალგაზრდები სწავლობენ, ხშირად არც კი იციან რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა იქნებოდა სინამდვილეში მათი ცხოვრებისეული პროექტი, მაგრამ ისინი სწავლობენ რათა ამით თავიანთი შესაზლებლობები გაზარდონ. ჩვენ ვაგროვებთ შესაძლებლობებს. თუ ჩვენი ვაჟი გვეტყვის, რომ მას სურს მებაღე გახდეს, ჩვენ მივუგებთ : გააკეთე აბიტური(Abitur), რომელიც მოგცემს ბევრ შესაძლებლობას. როდესაც ის კომპიუტერის შესაძენად მიდის, მოვაჭრეები დაარწმუნებენ, რომ აიღოს უკეთესი მოდელი ბევრი შესაძლებლობით. საბოლოოდ შესაძლებლობათა ზრდის პროცესი მიედინება იქეთკენ, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ ვეღარ შევძლებთ მის სინამდვილედ აღქმას. სანამ თქვენ შეისწავლით თქვენი მობილური ტელეფონის შესაძლებლობებს თქვენ უკვე ახალი აპარატი გაქვთ.


პ.მ . – თქვენი მოსაზრება ასევე ეხება რელიგიებს, ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავკეთოთ ექვს მსოფლიო რელიგიას, მათ განშტოებებს, ასობით ბუნების რელიგიასა და სექტას შორის. ადამიანები ჩივიან, რომ კვირადღის რელიგიური მენიუ არნახული სიმრავლის შემოთავეზებებით აივსო.
ჰ.რ. – დიახ, დიახ – Lifestyle-ჟურნალის ერთერთი ნომერი წარმოდგენილი იყო მთავარი სათაურით: ,, მსოფლიო რელიგიების ტესტი“, ამის შემდეგ ჩემი ლექციების კურსს სპონტანურად ვუწოდე: ,, დე, რომელი რელიგია მომიხდება?“. დიდი უაზრობაა დაიწყო ამა თუ იმ რელიგიის დადებითი და უარყოფითი მხარეების დაწვრილებითი აწონვა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი გვერდს უვლის ამ რელიგიების მთავარ გზავნილს. მთავარი იდეა ის კი არაა, რომ მე ვირჩევ რომელიმე რელიგიას ჩემი მოთხოვნილებების მიხედვით, არამედ მე, როგორც სუბიექტი, გამორჩეული ვიქენი მარადიული ღვთის მიერ. მე კი არ ამოვირჩიე ღმერთი, არამედ თვითონ ღმერთმა გამომირჩია. დანარჩენი მომენტები, სხვა რელიგიური იდეები და შედეგები რელატიურია და მათი გამოთვლა შეუძლებელია. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე რამდენად მაქვს გამნვითარებული ,,რელიგიური სმენა“- როგორც მაქს ვებერმა განსაზღვრა. მე ჩემს თავს სამყაროში გადმოსროლილად ვთლი თუ მოვლინებულად? რომელ რწმენას ვირჩევთ ხშირად დამოკიდებულია თუ როგორია ჩვენი ძირეული, ეგზისტენციალური განცდა და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი ამ სამყაროში.
პ.მ . – როგორაა ეს თქვენს შემთხვევაში, ბრძანდებით გადმოსროლილი თუ მოვლინებული?
ჰ.რ. – ჩემი რელიგიური ბიოგრაფია ძალიან ცვალებადი და მრავალფეროვანია. მე სამხრეთ ბადენში, ჰოხშვარცვალდში გავიზარდე. ეს კათოლიკური რეგიონია, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ყველა შესაძლო ვარიანტი მოსინჯეს – ანთროპოსოფიური მიმდინარეობა, ბუდისტური ჯგუფები, მცირე ხნით როზენკროიცერებიც და ჰინდუისტებიც კი იყვნენ.
პ.მ . – და ყველა ჩამოთვლილი რელიგია არსებობს სამხრეთ შვარცვალდში?
ჰ.რ. – ადრე იძულებულნი იყვნენ ამისათვის შვეიცარიის საზღვარი გადაეკვეთათ. ეხლა არა მგონია ეს საჭირო იყოს. დღესდღეობით სამხრეთ შვარცვალდში ყველა სახის სექტას შეხვდებით.
მოგვიანებით ჩემი მშობლები როგორღაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ კარგი იქნებოდა თუ მათი შვილი რელიგიის გაკვეთილებს ევანგელისტ-ლუთერელ მასწავლებელთან დაესწრებოდა და ამგვარად მეც აღნიშნული კონფესიის მიმდევარი გავხდი. დღესდღეობით, როდესაც ეკლესიაში მივდივარ, ვგრძნობ, რომ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის თანამედროვე მსახურება ძალიან ესადაგება ჩემს შინაგანს და ჩემთვის მნიშვნელოვანია. იგი თითქოს წარმოგვიდგენს ერთმანეთთან სიყვარულით დაკავშირებულ ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის ერთობას.
პ.მ . – რას ფიქრობთ ზიარების შესახებ?
ჰ.რ. – სერობა თავად არის ძალიან საინტერესო სიმბოლო არსებული გამოფიტვის წინააღმდეგ. ადამიანი იღებს რაღაც გარეგნულს და აშინაგანებს მას.რელიგიებს შეუძლიათ აღმოჩნდნენ მენტალური რესურსები თანამედროვე , ძალიან მკვეთრი ატომიზაციის წინააღმდეგ, მათ შესწვეთ ძალა დაძლიონ ,,მე“-სა და სამყაროს შორის არსებული ტოტალური გახლეჩილობა, მაგრამ მე რელიგიების ფსიქოლოგიური და სიმბოლური მნიშვნელობა უფრო მაქვს მხედველობაში, ვიდრე მათი მოძღვრებები. ძალიან არასასიამოვნო საქმედ მიმაჩნია დოგმებსა და მოძღვრებით აპორიებზე ფიქრი, დარწმუნებები. მე შეიძლება ვერ გითხრათ ნამდვილად არსებობს თუ არა ღმერთი და რა მნიშვნელობა აქვს მას, მგრამ ხსნებული სიმბოლური აქტები საინტერესოდ მიმაჩნია. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ,,რელიგიური სმენა“ გამაჩნია. ამავე საკითხებთან მიმართებაში, კოგნიტიური მორჩილებით ვიტყვი: ჩვენ ისედაც ვერ ვუგებთ სამყაროს .
პ.მ . – მაშასადამე ჩვენ ამიტომაც გავხდით კვლავ მორწმუნენი?
ჰ.რ. – ძალიან ბევრი სოციოლოგი გაოცებულია რელიგიების კვლავ აქტიური პოზიციებზე გამოჩენით. ანალიტიკოსთა ნაწილი საუბრობს თუ როგორ დერელიგიზირებულია ჩვენი საზოგადოება. მაგრამ დასავლური სამყაროს გარდა რელიგიური მიმდინარეობების და იდეების მხარდამჭერთა რიცხვი მასიურად იმატებს. რელიგიები მოდერნიზაციის იდეოლოგიების ალტერნატივებადაც გვევლილებიან. როგორც სოციოლოგი, რელიგიების აქტუალობისა და გავლენის გაძლირებას სამი მიზეზით ვხსნი:
პირველს ფუნქციონალურ გადაწყვეტილებას ვუწოდებ, მაგალითად როდესაც მენეჯერი სამი კვირით მონასტერში მიდის, რომ განიტვირთოს და დაძაბულობას გაექცეს, მედიტაციური სიმშვიდე ადამიანს დეპრესიის, ღრმა მელანქოლიისა და გადატვირთვის დროს წარმოქმნილი სხვა ფორმის ფსიქოლოგიური გართულებებისას ეხმარება.
მეორეa მასტაბილურებელი ფუნქცია: ჩემი ცხოვრება, ჩემი პარტნიორული ურთიერთობა, ჩემი პროფესია, ჩემი მომავალი არამყარია, რადგან ყველაფერი წინასწარგაუთვლელ ცვალებადობაშია გადასროლილი.რელიგია, ამ შემთხვევაში ჩემთვის ერთგვარ ღუზას წარმაოდგენს. მოდერნულ პერიოდამდე ეკლესია თავშეუკავებლობის დაძლევის (Kontigenzbewältigung) ფუნქციასაც ასრულებდა….

პ.მ . – გადალახვა დაურწმუნებლობის და ბედისწრერის ხდომილებებისა . . .
ჰ.რ. – რაც არ უნდა მოხდეს , შენ ჩემთან ხარ უფალო. მეოცე საუკუნეში თავშეუკავებლობლის დაძლევის ფუნქცია ერთგავრად შეითავსა ,,სოციალურმა სახელმწიფომ“. მასიური ზრდა დაურწმუნებლობისა – ჩვენ არ ვიცით როგორ იქნება ჩვენი პენსიით უზრუნველყოფის საკითხი, გვემუქრება თუ არა მორიგი ინფლაცია და ა. შ. ეს ყველაფერი ისევ უხმობს თავშეუკავებლობლის დაძლევის ძველ მოდელებს, ყოველგავრი სადაზღვევო სისტემის ერთგვარ დაზღვევას.
მესამე და ჩემთვის განსაკუთრებით ყველაზე საინტერესო ფაქტორი გახლავთ ის, რომ რელიგიებს გააჩნიათ დროის შესახებ თავიანთი კონცეპტები, რომელთა ლოგიკაშიც ჯდება ,,აჩქარების“ არსებული ფენომენი. ქრისტიანული ეკლესიების ან იუადაიზმის სწავლება საკრალური დროის შესახებ, რომელიც ყველა სხვა დროზე მაღლა დგას, ან თუნდაც მარადიულობის იდეა – ისინი შესაძლოა კულტურული რესურსები აღმოჩნდნენ ფაქტიურად.

სტატია გამოქვეყნდა, გერმანული ჟურნალის ,,Stern“ ის საგანგებო ნომერში, რომელიც ექვს მსოფლიო რელიგიას ეხებოდა.
Stern Extra 5/2009 – ,,Die Welt antwortet nicht mehr“ , S. 22- 25
მთარგმნელი მირიან გამრეკელაშვილი, აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორანტი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: