Posted by: gela_jvania | May 18, 2010

interviu sas. akad. studentthan

ინტერვიუ სასულიერო აკადემიის სტუდენტ გელა ჟვანიასთან           გაზიარება

www.religion.ge

– თუ შეიძლება, წარმოადგინეთ საკუთარი თავი.

– გელა ჟვანია – სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი, დავამთავრე სასულიერო სემინარია. ორი წლის წინსასულიერო აკადემიის 23 სტუდენტმა, მათ შორის მეც, გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სტატია საპატრიარქოში არსებული მდგომარეობის კრიტიკით, კერძოდ შევეხეთ კორუფციულ გარიგებებს, საკადრო პოლიტიკას, სასულიერო პირების ზოგად ინტელექტს, საპატრიარქოს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ ქრისტიანობასთან და ძირითადად მითოლოგიას, ფსევდოქრისტიანობას ქადაგენ. მართალია, იყო გამონაკლისები, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ასეთი გამოცემები დაიხურენ. სამაგიეროდ გამოდის 50-მდე ჟურნალ-გაზეთი, რომლებსაც აწერია, რომ საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოიცემა და სწორედ ეს გამოცემები ქადაგებს დამახინჯებულ ქრისტიანობას.
ამ წერილებში შევეხეთ მოძღვრისა და მრევლის დამოკიდებულებას და დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა, რადგან მოძღვრები მრევლს მუხტავენ არაჯანსაღი იდეებით, ართმევენ პირად თავისუფლებას, უკრძალავენ საკუთარი, განსაკუთრებით კი განსხვავებული, აზრის ქონას.

– სტუდენტების ნაწილი სემინარიიდან წავიდა, თქვენ დარჩით და გააგრძელეთ სწავლა, თქვენზე არ იყო ზეწოლა?

– მე დავრჩი ჩემი ინიციატივით, მიუხედავად ზეწოლისა. მართალია, ჩემი აზრები არ მოსწონთ და მიაჩნიათ, იმიტომ დავრჩი, რომ შევისწავლო იქ არსებული მდგომარეობა და ინფორმაცია გარეთ გამოვიტანო.

– პრაქტიკულად აგენტის სტატუსი მოუნიჭებიათ. რას ფიქრობთ, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ან ვისი აგენტი შეიძლებოდა ყოფილიყავით, საზოგადოების?

– ძირითადად სასულიერო პირებისაგან მოდის ასეთი დამოკიდებულება, ხოლო მათი სულიერი შვილები ამას ახორციელებენ. სასულიერო პირებს თავად არა აქვთ სასულიერო და საერო განათლებაც კი – ზოგი ტაქსის მძღოლი, ზოგი ხელოსანი იყო. თავად ეს პროფესიები პატივსაცემია, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანების მღვდლობა აშკარად იმსახურებს უპატივცემულობას.
ერთი სასულიერო პირი საპატრიარქოს სამეურნეო საქმეებსაც განაგებს და თან ხაშმის მონასტრის წინამძღვარიცაა, იგი რუსეთში სასჯელს იხდიდა ქურდობისათვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოახერხა ციხიდან გამოქცევა, საქართველოში ჩამოვიდა, პატრიარქთან თითქოს მოინანია ყველაფერი, მან კი მონაზვნად აღკვეცა და ყოველგვარი განათლების გარეშე სასულიერო კარიერაც შეუქმნა.

– ასეთი ისტორიები ტენდენციაა თუ ერთეული შემთხვევა?

– პრობლემაც ეს არის, რომ ტენდენციაა. არა მარტო წინამძღვრები და მღვდლები, ეპიკოპოსების გარკვეული ნაწილიც მსგავსი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანები არიან. განათლებულ და მოაზროვნე მღვდელმსახურებს საპატრიარქოში არ სწყალობენ. საკადრო პოლიტიკას ჩვენს ეკლესიაში პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი განაგებს.

– რისთვის სჭირდებათ გაუნათლებელი ხალხი?

– ეს ადამიანები კარგად იმართებიან, უსინდისოდ შოულობენ ფულს და გაყოფაც კარგად ეხერხებათ. მათთვის პრობლემა არ არის ასეთი საქმიანობა, რადგან არამცთუ ქრისტიანობის არსი, ელემენტარული საკითხებიც კი არ იციან. აქედან გამომდინარე, ფულის შოვნისა და გაყოფის ამგვარ ფორმაშიც პრობლემას ვერ ხედავენ. წირვის დაყენება და ლოცვა ისწავლეს და მათი ცოდნაც ამით ამოიწურება.

– რა მოხდა ჟურნალ “არჩევანთან” დაკავშირებით?

– ჟურნალის დაარსების დღიდან საპატრიარქოს რადიკალურად განწყობილი ფრთა, რომელმაც შექმნა და დღესაც ხელს უწყობს ფანატიკოსთა ჯგუფ “წმ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოებას”, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჟურნალის გავრცელებას და, რა თქმა უნდა, არსებობასაც. ამ ფრთის ღირსშესანიშნავი წარმომადგენლები არიან მღვდლები: დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე. სწორედ ისინი არიან “დავით აღმაშენებლის საზოგადოების” იდეოლოგები და წარმმართველნი. მათ სახელს უკავშირდება 1997 წელს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლა.
რაც შეეხება “არჩევანს”, მიმაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი მართლმადიდებლური ჟურნალი და ამკვიდრებს ნორმალურ ქრისტიანულ აზროვნებას, ამიტომ მას ჩემი ინიციატივით ვავრცელებ. არაერთხელ მქონია ჟურნალის გავრცელებასთან დაკავშირებით კამათი მოწინააღმდეგეებთან. ბოლო ნომრის გავრცელებისას წინააღმდეგობამ მწვავე ხასიათი მიიღო. შეიძლება ითქვას, მემუქრებიან, თუ გავაგრძელებ ჟურნალის გავრცელებას, აკადემიაში არ შემიშვებენ ან დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას აკადემიიდან ჩემი გარიცხვის მიზნით.

– კონკრეტულად ვინ გემუქრებათ?

– ისინი სტუდენტები არიან, სემინარიის მეორეკურსელები, ისაკაძისა და ქვლივიძის მრევლი და თან “წმ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოებას” წევრები. როცა ვკითხე, სანამ აკადემიაში ჩააბარებდით, სად სწავლობდით-მეთქი, მითხრეს, რომ “ქუჩის აცადემია” დაამთავრეს. ჩვენ ეკლესია გვმართავს, – ამბობენ ისინი.
გასარკვევია, რომელი ეკლესია მართავს?
ამ დაჯგუფებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის რუსეთის ეკლესიის დასაყრდენს წარმოადგენს, ანუ მეხუთე კოლონის მოვალეობას ასრულებს. დასანანია, რომ სასულიერო პირები არიან ამ როლში.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს მათი გამოცემა, გაზეთი “მრევლი”, რომელშიც რაფაელ კარილინისა და ლაზარე აბაშიძის სტატიებს, წიგნებსა და აზრებს აქვეყნებენ. მათში უარყოფილია დასავლეთი და გაფეტიშებულია რუსეთი, უკიდურესი თაყვანისცემაა გამოხატული რუსი წმინდანებისადმი, რომელთა შორის ბევრი იყო ქართული ეკლესიის მტერი.

– რას ფიქრობთ, რა მოხდება მომავალში, მოახერხებენ თუ არა თქვენს გარიცხვას?

– ჯერჯერობით ველოდები მოვლენების განვითარებას, ვიცი რომ აგროვებენ ხელმოწერებს. სტუდენტების გარდა განსხვავებული აზრის გამო მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეც სვამს ჩემი გარიცხვის საკითხს. სტატია, რომელიც მეუფე ანანიას მივაწოდე და მისი რისხვაც დავიმსახურე, იყო ტაშირის ეპარქიის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.
http://www.religion.ge ამ თემაზე კომენტარისათვის დეკანოზ ბასილ კობახიძეს დაუკავშირდა:
“აშკარაა, რომ მკალავიშვილის დაჯგუფების ნეიტრალიზაციის შემდეგ სწორედ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გადაიქცა ექსტრემისტთა სათარეშო ადგილად. ფანატიკოსები სარგებლობენ ახალგაზრდების გულწრფელობითა და რადიკალიზმით, რათა ისინი თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენონ. უკვე რამდენიმე წელია ფუნდამენტალისტი სასულიერო პირები სპეციალურად აგზავნიან ექსტრემისტული სულისკვეთებით გამორჩეულ სულიერ შვილებს აკადემია-სემინარიაში იმისათვის, რომ იქ სიტუაცია გააკონტროლონ და სიტყვიერი მუქარისა თუ ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა ან პროტესტი საპატრიარქოსა და სასწავლებელში გამეფებული ფანატიზმისა თუ კორუფციის მიმართ. აგრეთვე სტუდენტების გარკვეული რაოდენობა ცნობილი ექსტრემისტული დაჯგუფების “წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” წევრია. ესეც არ იკმარეს. ფანატიზმით გამორჩეულმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, რომელსაც პარალელურად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველი ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე “ზრუნვა” დაავალა, შექმნა ახალი ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა”, რომელიც მედგრად ამოუდგა თანამოძმე ორგანიზაციებს “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის” დაცვისათვის ბრძოლაში.
შედეგად აკადემია-სემინარიაში შექმნილია კატასტროფული სიტუაცია. სასწავლო პროცესი მთლიანად ჩამკვდარია, პედაგოგების განათლების დონე უაღრესად დაბალია. პრორექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, თვითონაა ფუნდამენტალისტური იდეების ერთ-ერთი მებაირახტრე. აკადემია-სემინარიის რექტორი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კვირაში სამ-ოთხჯერ თუ მივა სასწავლებელში და დამშეულ სტუდენტებს რამდენიმე ფუნთუშას მიუტანს. აკადემია-სემინარიაში უკვე დიდი ხანია გააუქმეს სასადილო. მიზეზად საპატრიარქომ უსახსრობა დაასახელა, თუმცა მშიერი სტუდენტების თვალწინ ხდება სამების ახალი საკათედრო ტაძრის გუმბათის მოოქროება.
ექსტრემისტი სტუდენტები აკადემია-სემინარიაში “მართლმადიდებლურ-ძველბიჭურ გაგებას” ამკვიდრებენ. ხშირად ხდება საქმის გარჩევები. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა სხვაგვარად მოაზროვნე სტუდენტების ცემა. ერთხელ ასეთი სტუდენტი ექსტრემისტმა სტუდენტმა დანითაც დაჭრა, თუმცა დამნაშავე თვით პედაგოგმა სასულიერო პირებმა გააპარეს და იგი დღესაც წარმატებით აგრძელებს “ღვთისმეტყველების შესწავლას”. ექსტრემისტმა სტუდენტებმა აკადემიის შენობაში არ შეუშვეს რომის პაპის წარმომადგენელი, მსოფლიოში ცნობილი თეოლოგი, კარდინალი ვალტერ კასპერი, რომელიც სტუდენტებთან შესახვედრად კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნებართვით მიდიოდა. სტუდენტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოში კათოლიკეების ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და სხვა.
საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების უმრავლესობა ამგვარ ექსტრემიზმს მიესალმება და ახალგაზრდებს უფრო მძაფრი ქმედებებისაკენ აქეზებს. ითვლება, რომ სწორედ ასე უნდა იქცეოდეს “გენეტიკურად ქართველი და მართლმადიდებელი”.
ამჟამად დევნიან გელა ჟვანიას. მას არავინ გამოესარჩლება. გ. ჟვანიას ორი გამოსავალი აქვს: ან ქედი უნდა მოუხაროს ექსტრემისტებს და გაჩუმდეს, ან ვაჟკაცურად გააგრძელოს საკუთარი პოზიციების დაცვა. თუ მან მეორე გამოსავალი აირჩია, შეიძლება, როგორც ორი წლის წინ მისი მეგობრები, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისიც სატანის მსახურად გამოაცხადოს\”.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: