Posted by: gela_jvania | May 23, 2010

stiqarosnebis kategoriebi

basil kobaxidze stiqarosnobis ampluashi

“სტიქაროსნების სიაში წერიხარ? – სტიქაროსნებს სია არ აქვთ!”           გაზიარება

ლეონ სუთიძე

 

  თუ თქვენ ახალგაზრდა ყმაწვილი ბრძანდებით და საკურთხეველში მსახურების ჟინმა მოსვენება დაგიკარგათ ან უკვე აისრულეთ ოცნება და ვერცხლის ქუჩაზე მდებარე საეკლესიო სამკერვალო თქვენ ჩაცმულობაზე მოწყალედ ზრუნავს – აუცილებლად ჩაიკითხეთ ბოლომდე. ამ წერილში სტიქაროსნები საკურთხევლის სუბკულტურის მიხედვით ხარისხდებიან. მხედველობაში მიიღეთ ისიც, რომ პოლიტიკოს სტიქაროსნებს ჩვენს კლასიფიკაციაში ვერ შეხვდებით – პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სხვა სახის თხრობაა საჭირო. მაშ ასე, მე გამნაწილებელი ქუდი გახლავართ! თქვენ მოხვდით ჰოგვორტსში, ოღონდ წესები შეიცვალა – არსებობს 12 კლუბი და 12 სახე თქვენი ინდივიდუალიზმის გამოსავლენად, შევეცდები დაგიხასიათოთ სათითაოდ:

1. სტიქაროსანი ძველი ბიჭი – ქუჩაში სასტავი აეშალა და გადაწყვიტა რწმენის გზაზე დამდგარიყო. უფალი სპრავედლივია! ამიტომ “მამაოზე” არაფერი უნდა თქვა, თორემ დაიჭრები! საკურთხეველში თავჩაღუნული დგას, ძირითადად არაფერს აკეთებს, მხოლოდ ნაცნობ სასულიერო პირთან მსახურებს და დიდი კმევისას წინ მიუძღვის. დამახასიათებელია ხის ჯვარი, ზაფზე ასხმული ხის მძივებით. კისერზე ყავისფერი ლაკი თუ არ გამოჩნდა, რაა მამული?
2. სტიქაროსანი “ცოლი მინდა” – ამ კატეგორიის ბიჭები და კაცები, ძირითადად გოგოების თვალიერებით არიან გართულნი. მოსავთ საკმაოდ მაღალ ფასში ნაყიდი წითელი ან თეთრი სტიქარი. ყურადღებას მაშინვე იქცევენ, რადგან სეფისკვერის დარიგებისას ერთი-ორით ზედმეტს უკუჭავენ ხელში თავშალიან “ნიმფებს”, რაზეც მართალია დეიდა ჟუჟუნა ბრაზდება, მაგრამ რას არ იზავს კაცი მორწმუნე მეუღლისთვის! თანდათანობით მდედრობითი სქესი საკუთარ წილ ლიტურღიას აკლდება და გაფაციცებით ამორიგევებს მზერას საკურთხევლის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარებისკენ, იქნებ “გიორგის” ან “ვანიჩკას” მოკრას თვალი. ცხადია ასეთ დროს მედავითნის ხმა ოცნებებს აორმაგებს. ანგელოსთა მსახურების თანამოზიარენიც არ უფუჭებენ მოსვლის მიზეზს, ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან მთავარი სანთელი და პირველივე მოსწრებაზე გავარდნენ სახარებაზე. თუ გოგონამ აქტიური მსახურებისას დაგაფიქსირა, შენი ფასიც იწევს. ხოლო როცა სინდისი თავს წამოყოფს ან ვინმე უტაქტობაში დაგადანაშაულებს, მაშინვე თავდაცვის მექანიზმი ირთვება: “არ განიკითხო”, “თუ შენ ლოცვას უსმენ, ჩემს ქცევას როგორღა აკვირდები?!” და ა.შ … წმინდა გიორგის ხატთან მდგარი სატრფო შერჩეულია, საქმეში მოძღვარი ერთვება! გოგოს წინააღმდეგობის გაწევა აღარ სურს, რადგან მშობლებს უკვე გაესაუბრა ზეცისა და ქვეყნის შემაკავშირებელი სუბიექტი, შავი ანაფორითა და გრძელი წვერით – რის შემდეგაც ერთი კვირა ჩასჩიჩინებენ: “ნარკომანი არ შეგხვდეს, აგერ მშვენიერი ღვთისმოსავი ბიჭია, მერე რა რომ სვამს, განა ღვინო არ ახარებს გულსა კაციასასა?!” ისაიას გალობაც მალე დაიგუგუნებს, სტიქარს სამ თვეში გაიხდის, რადგან მეოთხე თვეს ცოლს სხვა ქალთან უღალატებს და თავს უღირსად ჩათვლის.
3. სტიქაროსანი ბავშვი – ბებიას ლოცვაზე ხელში ჭერა აღარ შეუძლია! იმის მიუხედავად რომ უკვე 10 წლისაა, მაინც გამალებით მოითხოვს დასვან ამბიონის კიბეზე. რასაც წინ მდგარი ქალბატონი გულნაზი აპროტესტებს… მამასაც გამუდმებით აწუხებს, საჭიროა მოინახოს ნაცნობი მღვდელი (რომელმაც ან სახლი გიკურთხა, ან ვინმე მოგინათლა) პოვნის შემდეგ მშობლები აღარ წუხდებიან, ბავშვი საიმედო ხელშია, ძირითადად უფროს სტიქაროსნებს უჭამს ნერვებს, მაგრამ განა სასუფეველში შესულა ბავშვის საკურთხევლიდან გამომშვები?! განა წესრიგზე უკეთესი არ არის ლიტურღიამ ცოტა ხნით დაიგვიანოს?! მოძღვარი ბავშვს იმდენ ხანს დატოვებს საკურთხეველში, რამდენ ხანსაც მისი მშობლების პატივისცემა ეხსომება. სამაგიეროდ სკოლაში მასწავლებლები იშვიათად აიმაღლებენ ხმას ეკლესიური ბავშვის წინაშე.
4. სტიქაროსანი საცეცხლურა – მშვიდი ახალგაზრდა, რომელიც ეკლესიაში რელიგიის მასწავლებლის წაქეზებით მოვიდა და ვინაიდან ძალიან უყვარდა საკმეველი, გამუდმებით დაჰკანკალებს ზინზილაკებიან საცეცხლურს. მისი გატაცება ერთობ არასასიამოვნო ხდება, როცა ვიღაც იწყებს მის კომპეტენციაში ჩარევას და ასეთ პრაქტიკულ რჩევებს აძლევს “რამდენი ბოლია, ალა პუგაჩოვას კონცერტია თუ წირვა?”
5. სტიქაროსანი “ზარები ჩქარა” – აფანატებს ზარის ხმაზე. დიდად განაპირობა სამრეკლოსთან მისი მეგობრების სიმრავლემ, რომლებიც ევქარისტიულ ლოცვას გარეთ გამოდგმულ დინამიკებსა და მეგაფონებში უსმენენ, მიუხედავად იმისა რომ ტაძარში საკმარისი ადგილია. ასეთ მომენტებში დრო გრჩება ცოტა გვიან დაბრუნდე ტაძარში და თავი აარიდო დამთრგუნველ მსახურებას, რომელიც უკვე მოგბეზრდა, მაგრამ იმიჯის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნო.
6. სტიქაროსანი “როზეტას ფავორიტი” – სტიქაროსნების კატეგორია, რომელიც ძირითადად წინ მდგარი საშუალო ასაკს გადაცილებული ქალბატონების მაამებლობითაა დაკავებული, აქტიურად იმეტებს კვეთის მერე მორჩენილ ანტიდორსა და დიდ სეფისკვერებს, აღდგომის შემდეგ რამდენიმე ნაწილ არტოსსაც გულუხვად გასცემს, რითაც ქალბატონები ნასიამოვნები რჩებიან. შობის მარხვის შემდეგ კანფეტებიც არ აყოვნებს.
7. სტიქაროსანი “პატრიარქის სერაფიმი” – აუცილებელია ჩაჟამებული სახე მრევლის დასანახად. მიუწვდომელი ზევსის ზმანება, პირში “ჟუაჩკა” და დიდაქტიკური ტონი. საკურთხეველში შეგიძლია სიცილით გაიხა და დანარჩენი სტიქაროსნები დატუქსო, იყო მორალისტი, რაც ცუდად გამოგდის, რადგან უბრალოდ უვიცი ხარ და ასეთ “ელიტარულ პონტში” იმიტომ მოხვდი, რომ შენც მოხევე ბრძანდები ან რაღაცით ენათესავები ამ კუთხეს. საქმიანი გამომეტყველება აუცილებელი პირობაა დაბალი რანგის სტიქაროსნების დასაშოსმინებლად, სხვაგვარად ეს სირები ხომ დაკარგავენ შენს პატივისცემას?! უნდა აჩვენო რაოდენ უფრო მაღლა დგახარ მათზე, შენ თვით რადიატორისგან იღებ მადლს! საპატრიარქო კვერთხს ეხები! ვინც არ დაგემორჩილება მკრეხელია! როცა ეპისკოპოსს თმები აეშლება ან ომოფორი ჩამოეწელება, უნდა მივარდე და სასწრაფოდ, მთელი მასის წინ გაუსწორო. ასე მის სიახლოვეს დაფიქსირდები და მომავალ კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწევ, თუმც ჯარიდან უკვე დაგიხსნა სერაფიმობამ, ალბათ ანაფორასაც მალე შეგმოსავს. ვინ იცის, იქნებ შენს საარჩევნო კლიპშიც გამოჩნდეს ბავშვობის გამოცდილება? ხო, მართალია! ამის დრო არ გაქვს, უნდა დაანაწილო ვინ დაიჭიროს რიპიდი და ვინ სანთელი, ზარები უკვე რეკენ, ის მოდის…!
8. სტიქაროსანი “სალტო მეტანია” – ძირითადად დგანან შემოსასვლელთან და ყოველი ეპისკოპოსის დანახვისას აკრობატიკას ათამაშებენ. რის შედეგადაც გცნობს მთელი სინოდი, მათ უკვე შეუძლიათ დორბლითაც გიცნონ, რადგან მთხვევის სპეციფიური მანერა გაქვს. სასურველია ამობრუნებული პანაღიის გასწორებაც, დიდის მოწიწებით.
9. სტიქაროსანი “მოურავი” – რომელიმე მღვდლის პირადი სტიქაროსანი. ევალება მოძღვრის სამოსის შენახვა და დალაგება. სახარებაზე მიტრის ჩატანაც, რადგან ფურცლებიანი აღსარებიდან დაბრუნებულ მღვდელს არ დაასწროს შემოსვა რომელიმე სხვა “მამაომ” და შემდეგ მასაც და მის დამხმარე მოურავსაც ერთად არ აგინოს. უნდა იყო მაქსიმალურად უტაქტო და თუ შემთხვევით რომელიმე სხვა, შენსავით მოურავმა თავისი მოძღვრისთვის, შენი უნეტარესი მამის ოლარს ხელი წაავლო, უნდა ხელიდან გამოგლიჯო! დაგჭირდება თვითშთაგონება, რომ დიდ საქმეს აკეთებ. ენდეთ მღვდელს, როცა ის გეუბნებათ ”ისე დაალაგე შესამოსელი, რომ დავეჯახო – შევიმოსო!”
10. სტიქაროსანი “ფეშენა” – უყვარს სუნამოს შხაპის შემდეგ ტაძარში მოსვლა. გიჟდება როცა მეგობარი დაუმესიჯებს “წმინდა ნიკოლოზის კუთხეში ვდგავარო” რის შემდეგაც ისიც საკურთხეველს ტოვებს, თავის სამგზის დაუთავებულ სტიქარს ნელა მიაფრიალებს. უყვარს როდესაც მისი მკლავები დამშვენებულია ათასგვარი ფსალმუნითა და სკვნილით, განსაკუთრებით “ბოდბის მონასტრიდან” ან იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან. მერე რა რომ როზარიოა? მართლმადიდებელმა აჩუქა! იცვამს ღია ფერის პერანგს, ეპრანჭება როგორც გოგოებს ასევე ბიჭებს.
11. სტიქაროსანი “რამე გამაკეთებინეთ” – ნაკლებპოპულარული მამაოს შემოსილი, ოცნებობს დააჭერინონ რიპიდი, მაგრამ გამუდმებით ფსალმუნის საკითხავად აგზავნიან შუა ტაძარში. ვერ ფიქსირდება ეპისკოპოსებთან და ჯიუტად იმეორებს სახარების მუხლს “უკანასკნელი პირველი გახდებაო”, ასეთების საკურთხევლიდან მოსაცილებლად არსებობს ტაქტიკა – სამჯერ შემოუარონ ტაძარს 50-ე ფსალმუნის კითხვით, რომელსაც ისინი არ წაიკითხავენ.
12. სტიქაროსანი სტიქაროსანი – მოწესრიგებული, ლიტურღია მცოდნე, ზომიერი ღიმილით დამშვენებული პირი. ხედავს რომ საკურთხეველში ძირითადად კულისებია, ხოლო ამბიონი უკვე “პაკაზისთვისღა” თუ გამოდგება, წუხს ამაზე და ფიქრობსბ რომ ყველაფერი უფლის ნებაა. იცვამს გრძელ სტიქარს, ან თუ მშრომელია – მოკლეს. აკეთებს ყველაფერს ჩუმად, საკუთარი ინიციატივით ასწორებს კანდელს, უყვარს ხატებს წმენდა, გამუდმებით რაღაცას აწესრიგებს, ასეთი მხოლოდ 1 %-ია მაგრამ ფონს მაინც ქმნის, ჩრდილშია.. როგორც წესი დანარჩენები დასცინიან “არ ამაღლდე” ან მსგავსი ხუმრობებით.
მაშ ასე, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კლუბი და გაწევრიანდეთ. მოგიწევთ 50-ე ფსალმუნის დაზეპირებაც, რადგან საკურთხეველში დაცემული შესვლა არ შეიძლება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: