Posted by: gela_jvania | June 1, 2010

ubedurebis sathave

            უბედურების სათავე (სასულიერო აკადემიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულის კერძო აზრი)

zelimxan uZilauri

“ეკლესია ტოტალიტარულ იდეოლოგიურ მანქანად იქცა, რომელიც თუ არ შევაჩერეთ და მოვთოკეთ, ჩვენს მყიფე და შეუმდგარ დემოკრატიას ისე გადაუვლის და გადათელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს – ერთ მშვენიერ დილასაც გავიღვიძებთ და პირდაპირ მართლმადიდებლურ ირანში ამოვყოფთ თავს”- 

ნინო ბექიშვილი.

“ჩვენი ეკლესიის მეთაურები მთლად აიათოლა ჰომეინის დონის ძალაუფლებას არ ითხოვენ, მაგრამ ზოგადი გეზი ხომ იქეთკან აქვთ”.-

გია ნოდია.

“არ დარჩენილა ხელისუფლების შტო, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პატრიარქის აზრი არ შეხებოდა. საქართველოს ოთხივე ხელისუფლების შტო ირყევა, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა”.-

სერგო რატიანი.

ფუნდამენტალისტები ვერ შეჩერდებიან, სანამ მთლიანად არ გაბატონდებიან და თავისი აზრებით არ წარმართავენ ეკლესიის ცხოვრებას. მაგრამ არც ამაზე გაჩერდება ფუნდამენტალისტი, რადგან მისთვის დამახასიათებელი ექსტრემიზმი ასეთ შემთხვევაშიც გაგრძელდება… ასეთ გაბატონებულ ექსტრემიზმთან შეგუება კი შეუძლებელია და აუცილებლად იწყება მის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოჰყვება დესტაბილიზაცია, ნგრევა და საფრთხე საბოლოო განადგურებისა (ჩვენი ქვეყანა ხომ ჯერაც ამ საფრთხის პირისპირ დგას?!)”. –

კახა კურტანიძე.

“ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი”. –

პავლე ტარსელი.

ზემორე ციტატები საგანგებოდ არ მიძებნია და არც მათი გამრავლების საჭიროებას ვხედავ, რადგანაც საკმარისი კომპეტენტურობით ნათელყოფენ, თუ რა პრობლემატურ, საჩოთირო და ტაბუდადებულ თემას ვუპირებთ შეჭიდებას. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რით დავიწყო; დავიწყო და როგორ გავბედო გაგრძელება და დავამთავრო ეს წერილი ისე, რომ სათქმელიც ვთქვა და ამავდროულად მავანთა რისხვაც ავიცდინო!? როგორ მოიწონებს ამ წერილს ჩემი სულიერი მოძღვარი, საპატრიარქო, სინოდი და ზოგადად მართლმადიდებლური სამყარო, დაწყებული მსოფლიო პატრიარქით, გაგრძელებული რუსთა უწმინდეს კირილიათი და დამთავრებული იაპონიის ავტონომიურ-მართლმადიდებელ იერარქ მუჰამატამოთი?
აღარაფერს ვამბობ იმაზე, განკითხვის დღესა და უკანასკნელი სამსჯავროსაც რომ მოველი ეჭვითა და შიშითა!..
მაგრამ ვაითუ სწორედ უთქმელობისა და უმესიჯობის გამო მომესაჯოს ჯოჯოხეთი?..
ამიტომაც, დუმილს ისევ თქმას ვამჯობინებ და ამ გრძელ ქრისტიანულ მოვალეობა-მორჩილებათა და არჩევანის გადამკიდეს ისღა დამრჩენია, თავი მუზასა და უფალს მივანდო…

მოდით, ამჯერად მუზასაც დავუსხლტეთ და დავიწყოთ სრულიად უწყინარი „რელიგიის გეოგრაფიით”. მითუფრო, რომ ზემორე ხმები ჩვენი გეოგრაფიული (და არა სულიერი) მეზობლის – ირანის მიმართულებით მიემართებიან.
სხვათა შორის, რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების ერთ-ერთი სუბდისციპლინა რელიგიის გეოგრაფიაცაა და ეს საგანი თავისი სახელმძღვანელო დებულებებით თითქოსდა ჩვენთვის ჭკუის სასწავლებლადააო გამოგონილი. აი, ერთი-ორი გეოგრაფიული ნაბიჯი რომ გადავდგათ აზერბაიჯანის, უფრო კი ირანის მიმართულებით, უცებ სულ სხვა და უცხო რელიგიური ლანდშაფტის პირისპირ აღმოვჩნდებით. დიდად არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მსგავს ლანდშაფტს, – უწინარეს ყოვლისა მანდილოსანთა ჩაცმულობით რომაა მარკირებულ-დაფერილი, – ჩვენ ბედად, მხოლოდ ჩვენივე გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით გადავურჩით. რასაკვირველია, უფრო შორს აღარ მივდივართ, ჯაინისტური ან კალვინისტური საქართველოს წარმოდგენით თავს აღარ ვიწუხებთ, რადგან ამ კონფესიათა გავრცელების გეოგრაფიულ არეალს საქართველომდე არ მოუღწევია. მაგრამ რას ვიტყოდით მონოფიზიტურ ან თუნდაც შიიტურ პერსპექტივაზე? აქ ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ განგებ სახელდება არა დიდი რელიგიები, არამედ მხოლოდ მათი კონფესია-განშტოებები, რადგან რელიგია თავის ისტორიულ გამოვლინებაში ყოველთვის კონკრეტული ფორმით მანიფესტირებს. ჰოდა, აი ამ კონკრეტულობის თვალსაზრისით, შესაძლებელია მონოფიზიტური ან შიიტური საქართველო არც თუ მთლად უალბათო და წარმოუდგენელი მოგვეჩვენოს. ოდნავ მეტი გეოგრაფიული ცდომილების პირობებში, – გამონოფიზიტურებულ თუ მონოფიზიტური არჩევანის სომხეთს რომ სულაც თავი დავანებოთ, – შესაძლებელია ასევე ქრისტიანული და შემდგომ გაშიიტურებული ალბანეთის ანუ თანამედროვე აზერბაიჯანის ბედი გაგვეზიარებინა… ამ შემთხვევაში ისინი, ვინც დღეს „საქართველოს გადარჩენას” მართლმადიდებლობას მიაწერენ, ანუ ბიზანტიური ორთოდოქსიით იკმაყოფილებენ რელიგიურ ჟინსა და შიმშილს, მსგავსივე დაჟინებით იგივეს გაიმეორებდნენ შიას მიმართ: შიამ გადაგვარჩინაო, შია რომ არა, მშიერ გიაურ ქრისტიანებად დავრჩებოდით და წარვწყმდებოდითო!.. ხოლო თუ რას იტყოდნენ ისინი სომხურ ვარიანტში, ანუ არაქალკედონური ორთოდოქსიის პირობებში, ამაზე თავის მტვრევას მე პირადად მოვერიდები…

როგორც იქნა, შვებით ამოვისუნთქე და თავს უფლებას მივცემ ცოტა გავივაკო, ანუ რელიგიის გეოგრაფიას თავი დავაღწიო ადამიანური ნების სასარგებლოდ.

რასაკვირველია, ყოველივე ზემოთქმული ძალაშია მხოლოდ სარწმუნოებრივი ნების უქონლობის ან მისი სისუსტის პირობებში. როგორც კირიონ ქართველთა კათალიკოსისა და სომეხთა პატრიარქ აბრაჰამის მიმოწერიდან ირკვევა, საქართველომ, ანუ კირიონმა საბოლოოდ პრობიზანტიური, დიოფიზიტური მრწამსი შეგნებულად, ანუ ნებით აირჩია, რათა მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროსთან ანუ რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებთან სულიერ ერთობაში დარჩენილიყო (იხ. პროფ. ზაზა ალექსიძის მიერ გამოც. „ეპისტოლეთა წიგნი”, გვ. 90)…
თუ არ ვაჭარბებთ, ეს იყო ჩვენი ისტორიის ყველაზე საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება. VII საუკუნის დასაწყისის ეს ისტორიული არჩევანი რომ არა, საქართველო ან მეზობლების რწმენა-კულტურათა „ავტონომიად” იქცეოდა, ან საერთოდაც პირისაგან მიწისა აღიგვებოდა…
საბედნიეროდ, ნება-სურვილი აღმოგვაჩნდა. „ყურესა ამას ქვეყანისასა”, ანუ ქრისტიანული სამყაროს კიდეზე ყოფნამისჯილთ გულით გვეწადა, რომ ერთიანი ქრისტიანული სამყაროს, რწმენის, პოლიტიკის, ცივილიზაცია-კულტურის ორგანულ და ცოცხალ ორგანიზმად ვქცეულიყავით, ეს სამყარო შინაურობად გვექცია და აქვე გვემოღვაწა. სხვას რას უნდა მომსახურებოდა თუ არა ამ ეროვნულ პროგრამას, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული მონასტრები, მოგვიანებით კი ქართველ კათოლიკეთა კულტურული მოღვაწეობა? ყოველივე ამის თქმით ახალს არაფერს ვამბობ, და რადგანაც ეს უშნო პათეტიკური ტონი გამომერია რატომღაც, მზად ვარ მეც ერთი ვინმე „უსამშობლო” ბერის მსგავსად სადმე შორს გადავიხვეწო. ქრისტიანები ხომ ძველთაგანვე უცხოდ გრძნობდნენ თავს საკუთარ სამშობლოში, რაც ერთი უცნობი ავტორის დიოგნეტესადმი მიწერილი წერილითაც დასტურდება: „ისინი (ქრისტიანები -ზ.უ.) ცხოვრობენ თავის სამშობლოში, მაგრამ ვითარცა უცხონი; ისინი ყველაფერში მონაწილეობენ ვითარცა მოქალაქენი, მაგრამ ისინი ყველაფერს უცხოებივით დაითმენენ. ყოველი უცხო ქვეყანა მათთვის სამშობლოა, ხოლო სამშობლო – უცხოეთი”. პარადოქსია, რომ სწორედ ეს უსამშობლონი, უპერანგონი და მიუსაფარნი ქმნიდნენ ეროვნულ ფასეულობებს! დღესაც ხომ ასეა, საპირისპირო ნიშნულებითაც იგივე დასტურდება, ანუ ეროვნულობისა და კაცობის, ტრადიციის („კაცობა” ხომ კრიმინალური სუბკულტურის უმაღლეს მცნებად იქცა) რაც შეიძლება ხმამაღლა გამკივანნი ანგრევენ სწორედ სამშობლოს მომავალს და ადამიანობას ანუ კაცობას ამ სამშობლოში…
უფრო დიდი პარადოქსი კი ისაა, რომ თუ მაშინ, – ვგულისხმობთ V-VII სს., -ჩვენ ირანი შეგონებასთან ერთად ძალითაც გვთავაზობდა თავისთვის სასურველ რელიგიურ მოწყობას, ანუ სომხური ეკლესიისადმი დაქვემდებარებას, ახლა ნებით გადავდივართ ამ თეოკრატიულ-ტოტალიტარული მეზობლის ჭკუაზე და სახელწიფოებრივ მოწყობაზე, ყოველგვარი შეგონებისა და ძალის გარეშე… თუმცაღა, შეგონება და ძალა იქნებ სხვა მხრიდან მოდის?!..

საბოლოოდ კი იმის თქმა მინდა, რომ გეოგრაფიულ ბედს დანებებამ მოგვიტანა ეს დღევანდელი უბედურება, ანუ კლერიკალური ტოტალიტარიზმის საფრთხე, რის შესახებაც ზემოთ წამძღვარებული ციტატები ღაღადებენ. იმედია ეს ხმები ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა არ განიწირებიან და ბოლოსდაბოლოს ვეღირსებით საჯარო და პირუთვნელ დისკუსიას ეკლესიურ საკითხთა და საფრთხეთა ირგვლივ.

უბრალოდ ქრისტიანი, თავიდანვე ვერ შევეგუე რწმენაში რადიკალურ შეზღუდულობას და არაერთხელ შემიჩივლია ეს უბედურება თვით ჩვენი უფლისთვის: „რა სჭირს მაშიახ შენს ეკლესიას?” ერთხელ სინაგოგაშიც კი შევედით მე და ჩემი მეგობრები საგანგებოდ და მამა-ღმერთს ვთხოვეთ, შენი ძის უშნო თაყვანისმცემლებისგან გვიხსენიო!🙂 გვეცინებოდა ჩვენსავე საქციელზე და გულში კი გვეტირებოდა… თავზევით ძალა არ იყო და როგორც დღეს, არც მაშინ ჩანდა საშველი და რა გვექნა? მაშინ ფანატიზმის საფრთხეს თითქმის ვერავინ ხედავდა ან დროებით მოვლენად მიაჩნდათ იგი… ჩვენი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლისად და გამზვიადებლისად…
აქვე, ცნობისათვის დავძენთ, რომ 90-იანი წლების დასაწყისისათვის ულტრაორთოდოქსიამ საეკლესიო შინაინკუბაციის პერიოდი გაიარა, რის შემდეგაც იგი სრულიად საქართველოს მოედო, როგორც რელიგიური ფანატიზმისა და აგრესიული კლერიკალიზმის ეპიდემია. სადღეისოდ კი ეკლესია ნამდვილი სახელმწიფოდ იქცა სახელმწიფოში. ვიმედოვნებთ, მხოლოდ სახელმწიფოდ და არა უფრო უარესად, ანუ კიბოდ სახელმწიფოსათვის.

ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, თვით კათალიკოს-პატრიარქიც რადიკალ-ფანატიკოსთა მძევალი შექნილა და მან სამღვდელოებაზე კონტროლი ფაქტიურად დაკარგა. საქმეს ართულებს პროფესიონალი თეოლოგების დეფიციტი და აგრეთვე მთავრობის და ოპოზიციის ქრონიკული შეჯიბრი ეკლესიისადმი ქლესა ლოიალიზმში.

1990 წელს, როცა ამ უბედურებამ პირველად იჩინა თავი, სასულიერო აკადემიის მაშინდელმა სტუდენტებმა რამდენიმე ფსევდონიმიანი წერილიც გამოვაქვეყნეთ. მაგ. იმდროინდელ ‘საქართველოს რესპუბლიკაში’: „ცოტა რამ ეკუმენიზმზე” და ‘ახალგაზრდა ივერიელში’: „მართლმადიდებლობა-უსიყვარულოდ?!” საჯაროდ აზრის გამოთქმა გვეკრძალებოდა და ამისთვის გარიცხვა იყო გამოწერილი. აქ ამ ახალგაზრდულ მცდელობებს არც აღვნიშნავდი, ერთი შემთხვევითი გარემოება რომ არა: მართლმადიდებლური ტირანიისგან ერთობ შეიწრებულმა რელიგიური უმცირესობის რამდენიმე წარმომადგელმა, მათ შორის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა და გ. ჟვანიამ სულ ახლახან ჩემთან საუბარში ეს ადრინდელი წერილები გაიხსენეს, ისე, რომ არც იცოდნენ მათი ავტორის ვინაობა. მახსოვს, მაშინ, – თუ არ ვცდები 1990 წლის დეკემბერი უნდა ყოფილიყო, – პატრიარქსაც მივმართეთ რამდენიმე სტუდენტმა, და სხვა იერარქებსაც, უშუალოდაც და წერილობითაც… ჩვენ მაშინ შეგვაწუხა მომეტებულმა ფანატიზმმა, სიბნელემ, მართლმადიდებლურმა იზოლაციონიზმმა და მართლმადიდებლობის სახელით ყოველივე ეროვნულის უარყოფამ. სასულიერო აკადემიის ზოგიერთ სტუდენტს მაშინ სერიოზულად სჯეროდა, რომ „ვეფხისტყაოსანი” ან თქვენ წარმოიდგინეთ, „შენ ხარ ვენახი” ეშმაკისეული ქმნილებანი იყო. ეს ის დრო იყო, რადიკალ-ორთოდოქსებმა კათოლიკობის ბრალდებით რომ ლიტურგიკის სტუმარი-პროფესორი მიქაელ არანცი განდევნეს სასულიერო აკადემიიდან, ხოლო ეროვნულობა-საეროობის ბრალდებით კი – თსუ-პროფესორები რევაზ სირაძე და ზურაბ კიკნაძე (ერთი პარალელი, მაშინ რომ შევნიშნე: საპატრიარქოს ისევე ეშინოდა თავისი რადიკალური მღვდელ-მრევლის, როგორც სახელმწიფოს ეშინია მთლიანობაში ეკლესია-საპატრიარქოსი! J). ამ ფონზე არავითარი ნიშანწყალი ფილეტიზმისა არ შეინიშნებოდა. ეროვნულობის ყოველგვარი ნიშანი მათში და სამღვდელოების უმეტესობაში, მილიტანტი სტუდენტების ზურგს უკან რომ იდგა, სრულიად წაშლილიყო, მგონი ქართული წესიერად არც იცოდნენ, მხოლოდ რუსული სამოძღვრო ლიტერატურით სარგებლობდნენ, განსაკუთრებული პოპულარობა მოეპოვებინა ბრიანჩანინოვს, ზატვორნიკსა და კრონშტადტელს. ასე, რომ მართლმადიდებლური ფანატიზმის საძირკველში ანტიეროვნული დუღაბია ჩასხმული და ეს ბოლოდროინდელი დეკლარირებული ეროვნულობა, რაც პატივცემულმა სოზარ სუბარმა „ფილეტიზმად” მონათლა, მხოლოდ ნიღაბია. ჩვენთვის შოკი იყო, რომ რადიკალების ყველაზე გამოკვეთილი სულიერი ლიდერი, არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი, ვინც ეროვნული მოძრაობის დემონსტრაციებს დემონების მსვლელობად აცხადებადა და ფსევდომართლმადიდებლურ სიბნელეს ნერგავდა, უცებ ტელეეთერში პირველი პრეზიდენტის გვერდზე გამოჩნდა… ფლექსიბელურობა და ფანატიზმი ერთად? არა გვგონია, უფრო სპეცსამსახურების ტაქტიკას გავდა ეს… აქვე, სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ სასულიერო აკადემიის არსებობის პირველ, 1988 წელს, ანუ მეუფე ზოსიმეს (შიოშვილი) რექტორობის ხანაში, იქ ყველაფერი თავის რიგზე იყო და დღემდე მიკვირს, როგორ აღმოჩნდა საეკლესიო იერარქიაში ნორმალური, ასე თუ ისე განათლებული და ადამიანური ადამიანი. სამწუხაროდ, პირველი რექტორი მალევე შეიცვალა ინკვიზიტორული გაქანების პროტოპრესვიტერით.
მას მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა, საქმეს არაფერი ეშველა, რუსულიდან ნათარგმნმა ანტიეკუმენისტურმა ლიტერატურამ ბევრ ბერსა და მღვდელს იზოლაციონისტური ისტერიკა დამართა, რაც ფაქტიურად ეკლესიის მტკივნეული გახლეჩვით დამთავრდა 1997 წელს. მილიტანტური ბასილიანების გარდა გაჩნდა კიდევ ერთი, თეორიულად უფრო უკეთ შეიარაღებული და საპატრიარქოსთან არგუმენტირებულად დაპირისპირებული, რადიკალურ-მართლმადიდებლური სქიზმატიკური ‘ეკლესია.’ მათ ისეთი საჯარო ვებ-გვერდი აქვთ, რომ ჭკუას ვერ მოსთხოვ, მაგრამ ოფიციალური ეკლესია ხომ შერაცხადთა შორის გვეგულება? ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აზრი აქვს ეკლესიასთან დაკავშირებული პირადი ინსინუაციებისა და გულისტკივილის მკითხველისათვის გაზიარებას.

დამღუპველი პარადოქსია, რომ არსებითად სქიზმატიკოსების ანტიეკუმენისტურ-ანტიდასავლური იდეოლოგიის გამზიარებელია მთელი დანარჩენი, ოფიციალურად და ფორმალურად საპატრიარქოს დაქვემდებარებაში დარჩენილი სამღვდელობაც.

შიდა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად საპატრიარქოს მიერ აქცენტი სახელმწიფო პრივილეგიების მოპოვებაზე იქნა გადატანილი, რასაც მალე კონკორდატიც მოყვა (2002წ.) და ეკლესია საბოლოოდ უმდიდრეს ფეოდალად და იდეოლოგიურ, მაკონტროლებელ-დიქტატორულ მონსტრად მუტირდა. იმ გარემოებამ, რომ ძველ შიდა პრობლემებს გადაწყვეტის ნაცვლად კიდევ დაემატა, მოგვიანებით, 2004 წელს, სასულიერო აკადემიაში ახალი, უფრო მაშტაბური სტუდენტური ამბოხი გამოიწვია. მართლაც რომ ირანული მეთოდებით „მოგვარდა” ეს სტუდენტური უკმაყოფილება. სახელმწიფო ამჯერადაც ძლიერის და არა მართლის მხარეს აღმოჩნდა. რადგანაც შიდაეკლესიური სინდისის ძახილი არავინ შეისმინა, ქვეყნის ირანიზაცია შეუქცევადი გახდა. ერი და ბერი თავდავიწყებულნი მივექანებით მთავარ უბედურებისკენ, ანუ სასულიერო ტოტალიტარიზმისაკენ. მართალია ეს ტოტალიტარიზმი ჯერ სახელმწიფოებრივად არ გაფორმებულა, მაგრამ რაღა დარჩა? ვერ დაწერ, ვერ დადგამ და ვერ იტყვი იმას, რაც გინდა; ეკლესია სრული ტაბუა, ხოლო როგორც პროფესიონალ თეოლოგს ან რელიგიისმცოდნეს ხომ ამ ქვეყანაში არა თუ მოღვაწეობის, არამედ ცხოვრების არავითარი შანსი აღარ გრჩება….
საგრძნობია, რომ ბოლო წლებში კიდევ უფრო დაშორდა ჩვენი ეკლესია ცოცხალ ქრისტიანულ სამყაროს, სრულიად უარყო რა მასთან დიალოგი და ერთობა. როგორც ჩანს, იგი მხოლოდ მეზობელ ჩრდილოეთს აღიარებს საქრისტიანოს ნაწილად (თვით ზემოთდასახელებულ ძველ, მუზეუმებადქცეულ საპატრიარქოებთანაც კი გაყინულია ურთიერთობა, რადგანაც ისინი სიცოცხლეს ესწრაფვიან და ეკუმენისტურ დიალოგს არ უფრთხიან). ბუნებრივია, ევროპულ-ქრისტიანულ ცივილიზაციას აცდენილი ეკლესია კარგს არაფერს უქადის ქვეყნის მომავალს და როგორც ეკლესიის ცნობილი გულშემატკივარი ბასილ კობახიძე მოელის, ასეთმა ეკლესიამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება საქართველოს სასიკვდილო დარტყმაც კი მიაყენოს. არადა, ჩვენს ეკლესიას შეეძლო თვითონ გამოსულიყო ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების მებაირახტრედ და მის ხელთ არსებული არაერთი ბერკეტის ამოქმედებით ეს პროცესი საგრძნობლად დაეჩქარებინა.

გულწრფელად მიკვირს ეკლესიის ანტიქრისტიანული საქციელი, ახლომხედველობა, უსმენობა თანამედროვეობისადმი. რას გვიქადის ეს ყოველივე? ნუთუ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებსაც ტოტალიტარულ, დიქტატორულ სისტემაში მოუწევთ ცხოვრება? განა ეკლესიის მესვეურები ამავე სახელმწიფოს მოქალაქენი და თვითონაც მამები, ძმები, ბიძები, პაპები არ არიან? რატომ უნდა გაიმეტონ თავისივე ქვეყანა და შთამომავლობა რაღაც ირანულისმსგავსი უბედურებისთვის? განა ამად ღირს წარმავალი ამქვეყნიური ძალაუფლება? ეს მამულები, ჯიპები, ვერცხლი, სალაფავი და დამონებული სულიერი სამწყსო… და თუნდაც განათლების სისტემის კონტროლი? ნუთუ უღირთ წარმავალი ძლაუფლებისა და კეთილდღეობის გულისთვის შთამომავლობის წყევლა-კრულვა და სამუდამო ჯოჯოხეთი მოიმკონ? განა იესო ქრისტემ არ უანდერძა თავის მოწაფეებს და იდეაში მათაც, თქვენი მეუფება ამქვეყნიური არ უნდა იყოსო? ღვთის გულისათვის, დაანებონ თავი ფეოდალიზმის პრაქტიცირებას და მონობის პროპაგანდას, დაუბრუნონ წართმეული ტაძრები მოძმე კათოლიკეებს, განა ღირს ამ ქვის ეკლესიების გულისთვის მოციქული პეტრე და მასთან ერთად მთელი ზეციური ეკლესია შემოვიწყროთ? შეინანონ, დაუბრუნდნენ სახარებას, შეეშვან შემოქმედების, ნიჭის კონტროლს და ამით შემოქმედ ღმერთთან ბრძოლას; ადამიანმა უნდა დადგას სპექტაკლად, დაწეროს და იფიქროს ის, რაც უნდა… ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მღვდლები სახარებას არ კითხულობენ ან სხვა სახარება აქვთ… საბოლოოდ ხომ ყველას განმსჯელი მხოლოდ ღმერთია. ეს რა უბედურებაა? ვინ გაყო ამქვეყნად წმინდა და საერო სფეროები? ქვეყანა ღვთის კვარცხლბეკიაო, სახარება გვასწავლის, მაშინ ყველაფერ ამქვეყნიურში შეიძლება დაინახო რაღაც ზეციური, საკრალური და თუ მოგინდება, ამ საბაბით ყველაფერი დაისაკუთრო და აკონტროლო; ყველა ბაღში და სახლში სალოცავი კუთხე გახსნა, ყველგან ტაძარი ააგო და ყველა აიძულო დღედაღამ ილოცოს! მგონი, აქეთკენ მივდივართ… არა, ეს გზა მარტო ირანამდე კი არა, დაღუპვამდე მიდის. ირანს აქვს იმის რესურსები, თავი გაიგიჟოს და მაინც გადარჩეს, ჩვენ კი ერთმანეთს დავერევით, დიქტატს, მითუფრო უმწიფარი და გონებრივად ნედლი სამღვდელოებისგან ნიჭიერი და თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდობა არ მოითმენს. საბოლოოდ კი ერთმანეთსდარეულებს ერთმორწმუნე მეზობელი გადაგვყლაპავს და ერთმორწმუნულად მოგვინელებს… მეორეც, რა თეორიული ბაზისი და შეირაღება უნდა ამოქმედდეს, საპატრიარქოს რეჟიმი რომ დამყარდეს? დიდი შჯულის კანონი ხომ პირიქით, საერო ხელისუფლებაში ჩარევას კრძალავს. მაშინ გარეგნულადაც შიიტურ რჯულზე უნდა გადავიდნენ და შიას კანონებით იხელმძღვანელონ. ნუთუ ძალოვან სტრუქტურებს იმიტომ ეტმასნება თბილისური საპატრიარქო, რომ ეს სტრუქტურები შემდეგში ამბოხებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ამას დღეს თეირანის იმამატი სჩადის?

“ღმერთო ჩემო, ვინ იფიქრებდა თუ ეს დიქტატორული უბედურება ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქის და სასიქადულო მართლმადიდებლობის გზით მოგვევლინებოდა?.. არა, იქნებ ღმერთმა არ გაგვწიროს!” – ასე შფოთავს არაერთი ეკლესიური მორწმუნეც. შეუძლებელია ყველა ზომბად გადააქციონ. უშუალოდ ეკლესიაშიც და სამღვდელოებაშიც შეინიშნება აშკარა უკმაყოფილება ეკლესიის სულიერი ფუნქციის დაკარგვისა და ქრისტეს სხეულის ძალაუფლების ფაქტორად გადაქცევის გამო. ამიტომაც ვრჩები იმედის პრინციპის ერთგული და ლამის სასწაულს ველი…

იქნებ ერთხელაც აჯობოს ნებამ გეოგრაფიას, მიუხედავად გეოგრაფიულ-კონფესიური სხვაობებისა ქართულმა ეკლესიამ აღმოაჩინოს და შეიგრძნოს თავი ერთიანი რჯულ-საქრისტიანოს ორგანულ ნაწილად, შეიცვალოს პოლიტიკური ორიენტაცია ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ!? იქნებ ეკლესიას ეყოს ძალა, სიბრძნე და ნება, რომ გაიმეოროს კათალიკოს კირიონის ისტორიული მაგალითი, გააკეთოს რა არჩევანი ქრისტიანული ერთიანობის და ცივილიზაციის სასარგებლოდ და ამით ერთხელ და სამუდამოდ შემუსროს მისგანვე მომდინარე უბედურების სათავე, ანუ ნების უქონლობა.

2009, ზაფხული-შემოდგომა, კანა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: